გენადი მარგველაშვილი - დისტანციური სწავლებისა და „ტელესკოლის“ ამოქმედებით შეიქმნა რესურსი, რაც განათლების ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს
გენადი მარგველაშვილი - დისტანციური სწავლებისა და „ტელესკოლის“ ამოქმედებით შეიქმნა რესურსი, რაც განათლების ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლების და „ტელესკოლის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან პროექტის საერთაშორისო აღიარებას გაუსვა ხაზი.

„ბატონო პრემიერო, ყველაზე მეტად გეთანხმებით იმ მიმართულებით, რასაც თქვენ კრიზისული გამოწვევის შესაძლებლობა უწოდეთ და რაც ყველაზე მკაფიოდ და ზუსტად ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განახორციელა.

ცხადია გამოწვევები არ დასრულებულა, მაგრამ ის რესურსი, რაც დისტანციური სწავლებისა და „ტელესკოლის“ ამოქმედებით შეიქმნა, გვაძლევს განათლების ფორმების ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ კიდევ დაიხვეწება, მოხდება რა მისი სრული შერწყმა ახალი სკოლის მოდელთან.

აღნიშნული ძალის აღიარება მოხდა არაერთგზის, რომელიც აისახა ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის ჩარჩო დოკუმენტში, კორპორაცია „მაიკროსოფტის“ ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლებში, გაერო-ს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის მიერ და მინდა, კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რომ საქართველო და ფინეთი ამ მიმართულებით პირველ ადგილზე დააყენეს. არის კიდევ მეოთხე შემფასებელი და ეს არის ოპოზიცია, რომელსაც სიტყვაც არ უთქვამს, რაც, ერთი მხრივ, ერთგვარი შეფასებაა“, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.​