„ტელესკოლის“ მათემატიკის ონლაინოლიმპიადის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
„ტელესკოლის“ მათემატიკის ონლაინოლიმპიადის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

დღეს „ტელესკოლის“ მათემატიკის ონლაინოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ოლიმპიადის ფარგლებში სულ 30 გამარჯვებული გამოვლინდა. მათგან ათი საუკეთესო პრიზებით დაჯილდოვდა. დაჯილდოებაზე დიპლომები მათემატიკის ოლიმპიადის ფინალისტების მასწავლებლებსაც გადაეცათ.

წელს ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა დემეტრე წურწუმია ქუთაისიდან, რომელმაც წინა სეზონშიც მიიღო მონაწილეობა, წელს კი გაიმარჯვა.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, წელს ონლაინოლიმპიადა რეკორდული რაოდენობის მონაწილეებით და დიდი კონკურენციით გამოირჩეოდა. მისივე თქმით, ონლაინოლიმპიადამ გაამართლა და მას მომავალში ახალი საგნები დაემატება.

„პირველ რიგში, ვულოცავ გამარჯვებულს, მის მასწავლებელს, ამავე დროს ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, რადგან ჰყავს საოცრად ნიჭიერი ბავშვები, მოზარდები, რომლებმაც უზომოდ ბევრი იშრომეს. ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ წელს 3 200 მოსწავლე დარეგისტრირდა და 27 ქალაქი მონაწილეობდა. ვფიქრობ, ეს ციფრები რეკორდულია. იყო ძალიან დიდი კონკურენცია. ოლიმპიადის ამოცანები რომ ნახოთ, მშობლებს აუცილებლად გაგვიჭირდება ამოხსნა, ამიტომ, ვფიქრობ, საუკეთესო ათეულში ვინც მოხვდა, თითოეული მათგანი არის გამარჯვებული. რა თქმა უნდა, პირველადგილოსანი ძალიან გვეამაყება. დავიწყებთ ახალი საგნების დამატებას, რადგან თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ონლაინოლიმპიადამ გაამართლა. ბავშვები არიან გაჯეტებში და თამაშის ნაცვლად, ჩვენ ვთავაზობთ შემეცნებას, მეტ სწავლას. ვულოცავ ყველა მონაწილეს და, რა თქმა უნდა, გამარჯვებულს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

„ძალიან მიხარია, რომ გავიმარჯვე „ტელესკოლის“ ოლიმპიადაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მასწავლებელს, ყველა გულშემატკივარს და იმ ადამიანებს, რომლებიც მხარში მედგნენ, მგულშემატკივრობდნენ“, – განაცხადა ონლაინოლიმპიადის გამარჯვებულმა, დემეტრე წურწუმიამ.

დემეტრე წურწუმიას მათემატიკის მასწავლებლისა და სკოლის დირექტორის თქმით, მისი სკოლიდან ოლიმპიადის ათეულში წელს სამი მოსწავლე მოხვდა.

„ჩვენი სკოლიდან საუკეთესო ათეულში მოხვდა სამი მოსწავლე, მათგან ორი უშუალოდ ჩემი მოსწავლე. დემეტრე პირველ ადგილზე გავიდა. ამავე დროს ილია მანჯგალაძე და ნიკა ფხაკაძე ჩვენი სკოლიდან ასევე არიან წარმატებულები. მინდა, მადლობა გადავუხადო საზოგადოებრივ მაუწყებელს, განათლების სამინისტროს და ყველა იმ პირს, განსაკუთრებულად – მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს და ვუსურვებ წარმატებას. ეს არის პირველი ნაბიჯი, მათი ნიჭიერება უნდა იყოს შრომასთან შეზავებული და, საერთო ჯამში, ისინი ჩვენი ქვეყნის ძლიერი მომავალი იქნებიან“, – განაცხადა ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორმა და მათემატიკის პედაგოგმა, გენადი მარგველაშვილმა.

მათემატიკის ონლაინოლიმპიადა წელს მეორედ ჩატარდა. ამ ორი წლის განმავლობაში ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო 7000-მდე მოსწავლემ. შარშან გამარჯვებული მარიამ ცაგარელი გახდა თბილისიდან, რომელიც ერთადერთი გოგო იყო ფინალურ ათეულში.

წელს გაცილებით მაღალი იყო რეგიონების ჩართულობა და თითქმის მთელი საქართველო მოიცვა: ადიგენი, ქუთაისი, ახალციხე, შუახევი, ლაგოდეხი, წალენჯიხა, ყვარელი, გარდაბანი, ზესტაფონი, ბათუმი, ტყიბული, ჭიათურა, საჩხერე, სამტრედია, თერჯოლა, გურჯაანი, სიღნაღი, წყალტუბო, ხარაგაული, დედოფლისწყარო, ახალციხე, ხაშური, ზუგდიდი, თელავი, ჩხოროწყუ, გორი, რუსთავი.

წელსაც და შარშანაც ოლიმპიადა ციფრულ სივრცეში, პირველი არხის აპლიკაციის 1TVplay-ის საშუალებით მიმდინარეობდა. ოლიმპიადის მიმდინარეობისას ორივე წელს აპლიკაცია ჩამოტვირთა 42 000-მა მომხმარებელმა.

პროექტს ქართულ ტელესივრცეში ანალოგი არ აქვს და მოსწავლეებისთვის უნიკალური შესაძლებლობა შექმნა, სრულიად უფასოდ ჩართულიყვნენ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან. ახალი თაობა ციფრულ საშუალებებზეა ორიენტირებული, ამიტომ საქართველოს პირველმა არხმა ოლიმპიადა აპლიკაციაში 1TVplay შესთავაზა აუდიტორიას.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოს ყველა (საჯარო და კერძო) სკოლის V-VI კლასის მოსწავლეს. აქტივობა მიზნად ისახავს მოსწავლეებში მათემატიკური და ლოგიკური უნარების განვითარებას და არასტანდარტული შინაარსის ამოცანების გადაჭრისთვის საჭირო ცოდნის დაუფლებას.