„გადავარჩინოთ უკრაინა“ - რიგით მეორე საერთაშორისო საქველმოქმედო ტელემარათონი კვირას, 22:00 საათზე პირველი არხი - ტელესკოლის ეთერში

უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, საქველმოქმედო რიგით მეორე საერთაშორისო ტელემარათონი „გადავარჩინოთ უკრაინა“ „საქართველოს პირველი არხი – ტელესკოლის“ ეთერში 29 მაისს, თბილისის დროით 22:00 საათზე გადაიცემა.

ტელემარათონი, რომელიც United24 Global-ის ინიციატივით, ბერლინსა და კიევში ერთდროულად იმართება, ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნის მაუწყებლების პირდაპირ ეთერში გავა, მათ შორის „საქართველოს პირველ არხი – ტელესკოლაზე“. ლაივსტრიმი ასევე ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტ პლატფორმებზე მსოფლიოს მასშტაბით, როგორც იუთუბ არხებზე, ასევე სოციალურ მედიაში.

ტელემარათონის „გადავარჩინოთ უკრაინა“ საშუალებით შეგროვებული მატერიალური რესურსი უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების საჭიროებებს მოხმარდება, კერძოდ, სამედიცინო აღჭურვილობის, მათ შორის, რენტგენის აპარატების შეძენას უკრაინის 12 რეგიონის ჰოსპიტლებისთვის: ხარკოვი, დნიპროპეტროვსკი, ზაპოროჟია, პოლტავა, ოდესა, კიევი, ჩერნიგოვი, სუმი, მიკოლაევი, ჩერკასი, კიროვოგრადი.

მარათონი, რომელიც სიმბოლურად კიევის დღეს გაიმართება, ეძღვნება მამაცი უკრაინელების გამძლეობას, სამი თვის განმავლობაში შეუპოვარ ბრძოლას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

სოლიდარობის მარათონში მონაწილეობენ ცნობილი მუსიკოსები და ბენდები: Kadebostany, Okean Elzy, Tina Karol, The Hardkiss, MONATIK, Beissoul & Einius, alyona alyona, Melovin, 2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული Kalush Orchestra და სხვები.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელი იქნება ეკრანზე მითითებული მეთოდით, ასევე ონლაინ პლატფორმის საშუალებით: u24.gov.ua

შეგახსენებთ, რომ რიგით პირველი მარათონი „გადავარჩინოთ უკრაინა“ 27 მარტს გაიმართა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით გადაიცა.

ასევე საქართველოს პირველმა არხმა, წითელ ჯვართან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად, პირველ მარტს საქველმოქმედო მარათონი „ჩვენ უკრაინისთვის“ გამართა. საქველმოქმედო მარათონი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი მაუწყებლების ინიციატივა იყო, რომელმაც სტარტი პოლონეთიდან აიღო.