პირველი არხი-ტელესკოლის „მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადის“ გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ [ფოტო]
პირველი არხი-ტელესკოლის „მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადის“ გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ [ფოტო]

პირველი არხი-ტელესკოლის „მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ოლიმპიადის გამარჯვებულია მარიამ ცაგარელი, მეორე ადგილზე გავიდა გიორგი ფხალაძე, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა  საბა გოდუაძემ. საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ჩატარებული ნახევარფინალის შედეგად, სულ 30 გამარჯვებული გამოვლინდა, მათგან საუკეთესოებს დღეს საჩუქრები გადაეცათ. დაჯილდოებაზე დიპლომები მათემატიკის ოლიმპიადის ფინალისტების მასწავლებლებმაც მიიღეს.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის თქმით, ონლაინ ოლიმპიადაზე 4 000 ბავშვი დარეგისტრირდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, პირველი არხისთვის, „ტელესკოლისთვის“ აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია.

„ნამდვილად ძალიან დიდი დღეა დღეს, რადგან საკმაოდ რთული პროცესი გავიარეთ. საოცრად ამაყი ვარ, რომ 4 000 ბავშვი დარეგისტრირდა ონლაინ ოლიმპიადაზე. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და მაღალი ციფრია ჩვენი მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც ფიზიკა-მათემატიკით არიან დაკავებული.  რეგიონებიდან ძალიან დიდი აქტიურობა იყო, საუკეთესო სამეულშიც ვნახეთ გამარჯვებულები ქუთაისიდან.

პირველი არხისთვის, „ტელესკოლისთვის“, სადაც შემეცნება არის უმიშვნელოვანესი კომპონენტი, ჩვენი მისიის ნაწილი, მსგავსი პროექტები, მით უმეტეს დიგიტალურად ონლაინ მისული ახალ თაობასთან, რომელიც სულ გაჯეტებშია, ვფიქრობ, რომ გამოგვივიდა. ამიტომაც გვყავს ამდენი ბედნიერი მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი, ვულოცავ ყველას ამ დღეს“,- განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, მსგავსი პროექტები სჭირდება ქვეყანას და ახალგაზრდა თაობას.

„პირველ რიგში, მინდა, მივულოცო ორგანიზატორებს. ეს არის პირველი ასეთი მცდელობა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაგრძელდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, ეს სჭირდებათ ახალგაზრდებს, სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მომავალს. თავისთავად ის ფაქტი, რომ „ტელესკოლამ“, თუ შეძლება ითქვას, იბარტყა და ასეთი პროექტები მოდის, იმას ნიშნავს, რომ „ტელესკოლა“ არის სიცოცხლის უნარიანი პროექტი და ის ბევრ სარგებლობას მოუტანს ქვეყანას. ახლა ჩვენ გვჭირდება ბევრი იდეა, რომელსაც განახორციელებს ეს ძალიან საინტერესო ჯგუფი. ამავე დროს, მინდა, მივულოცო ოლიმპიადის გამარჯვებულებს. 30 გამარჯვებულია, მათში კიდევ 10 ამოირჩა, მაგრამ ვფიქრობ, რომ 4 000-ივე მონაწილე არის გამარჯვებული. განსაკუთრებით მინდა, მივულოცო მათ მასწავლებლებს. უნდა გვახსოვდეს, თუ ჩვენ გვინდა ქვეყნის წინსვლა, პატივი უნდა ვცეთ მასწავლებლის პროფესიას“,- განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ტელესკოლის“ გენერალური პროდიუსერის, თამარ ციციშვილის თქმით, ეს არ იყო მხოლოდ ოლიმპიადა, თვითონ პროექტი შედგებოდა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტისგან.

„ერთი ეს იყო საკონკურსო ნაწილი, სადაც ბავშვები ტესტებს წერდნენ და საოლიმპიადო ამოცანებს ხსნიდნენ. მაგრამ მეორე ნაწილი ეს იყო სატელევიზიო მხარე, სადაც საეთერო გადაცემები მზადდებოდა, თუ როგორ უნდა ამოვხსნათ ესა თუ ის საოლიმპიადო ამოცანა, რომელსაც თავისი სტრუქტურა აქვს, სხვადასხვა პრინციპები. თუ არ იცი და თუ ამას არავინ გასწავლის, უბრალოდ ძალიან რთულია ამ ტიპის ამოცანების ამოხსნა. ჩვენ სწორედ სატელევიზიო მხრიდან ვცდილობდით, რომ ბავშვებს დავხმარებოდით ამ უნარ ჩვევების განვითარებაში“,- განაცხადა თამარ ციციშვილმა.

ოლიმპიადამ სტარტი ციფრულ სივრცეში 1TVplay-ზე აიღო, აპლიკაციის საშუალებით 4 000-ზე მეტი მომხმარებელი იყო რეგისტრირებული. ოლიმპიადის მიმდინარეობისას აპლიკაცია ჩამოტვირთა 10 000-მა მომხმარებელმა. პროექტს ქართულ ტელესივრცეში ანალოგი არ აქვს და მოსწავლეებისთვის უნიკალური შესაძლებლობა შექმნა, სრულიად უფასოდ ჩართულიყვნენ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან.

ოლიმპიადის მიზანი, მოსწავლეებში მათემატიკური და ლოგიკური უნარების განვითარება და არასტანდარტული შინაარსის ამოცანების გადაჭრისთვის საჭირო ცოდნის დაუფლებაა.