გელა ნიკოლაიშვილი - მართლმსაჯულების სისტემაში არის პრობლემები, მაგრამ გააჩნია, რას შევადარებთ დღევანდელ მდგომარეობას
გელა ნიკოლაიშვილი - მართლმსაჯულების სისტემაში არის პრობლემები, მაგრამ გააჩნია, რას შევადარებთ დღევანდელ მდგომარეობას

ამ რამდენიმე წლის წინ გვთავაზობდნენ, რომ არათუ უცხოელებმა უნდა შეარჩიონ ქართველი მოსამართლეები, არამედ უცხოელი მოსამართლეები უნდა მოვიწვიოთ, მათ უნდა განსაჯონ აქ მტყუან-მართალი და გვასწავლონ, როგორი უნდა იყოს ქართული მართლმსაჯულებაო, – ამის შესახებ ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„მერე თანდათანობით ჭკვიანი ხალხიც გამოერია და თქვეს, რომ ეს შეუძლებელია და ამაზე აღარ არის ლაპარაკი. ახლა ამბობენ, მოდით, უცხოელებს შევარჩევინოთ ქართველი მოსამართლეებიო. გვეუბნებიან, რომ ესენი უნდა იყვნენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები, მათ უნდა გამოყონ ეს წარმომადგენლებიო. მთავარი იცით, რა არის – ვინ უნდა ურჩიოს ქართველებიდან ამ უცხოელებს და ამა თუ იმ მოსამართლის შესახებ ვინ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია? მე ამას დავარქმევდი რაღაც ენჯეომაფიის ჯგუფს, შეიძლება, ათამდე „ენჯეოს“, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და რომლებიც ასრულებენ მათ მითითებებს“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების სისტემაში არის პრობლემები, მაგრამ გააჩნია, რას შევადარებთ დღევანდელ მდგომარეობას, კომუნისტურ მართლმსაჯულებას, სააკაშვილის დროინდელ მართლმსაჯულებას თუ გერმანიისა და აშშ-ის მართლმსაჯულებას.

„თუ პოსტსაბჭოთა ქვეყნების, განვითარების მიხედვით, დაახლოებით, ჩვენი დონის ქვეყნებს შევადარებთ, ქართული მართლმსაჯულების სისტემის კომპეტენციის მიმართ პრეტენზიები ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას გვეუბნება ქვეყნის მასშტაბით პირველი ინსტანციის სასამართლოების გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, გასულ წელს 655 ბრალდებული გამართლდა და ტენდენცია მზარდია, მაშინ როდესაც 2009 წელს სულ 18 გამამართლებელი განაჩენი იყო გამოტანილი, 2010 წელს – მხოლოდ რვა, ხოლო 2011-ში – 56 და არის თუ არა ასეთ პირობებში აუცილებელი „ვეტინგის“ სისტემა, ადვოკატმა განაცხადა, რომ იმ წლებში ასეთი მცირე რაოდენობის, 18, 8 თუ 56 გამამართლებელი განაჩენიდანაც კი არცერთი არ ყოფილა ისეთი, რომელიც პროკურატურას არ ჰქონდა შეთანხმებული მოსამართლესთან, დღეს კი იმასთან შედარებით გამამართლებელი განაჩენების რიცხვი ძალიან ბევრია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს.

„მოსამართლე დამოუკიდებლად ვერცერთ შემთხვევაში ვერ ბედავდა გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, თუ ნებართვა არ ჰქონდა პროკურატურისგან. ეს მცირე გამამართლებელი განაჩენებიც რაღაც მიზეზების გამო გამოჰქონდათ, ან სტატისტიკისთვის იყო საჭირო, ან რაღაც ისეთი ინფორმაცია ჰქონდათ მიღებული ბრალდებულისგან, რომ ეს სჭირდებოდათ და იყო თითებზე ჩამოსათვლელი გამამართლებელი განაჩენები. დღეს გამამართლებელი განაჩენების რიცხვი, რა თქმა უნდა, იმასთან შედარებით ძალიან ბევრია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს. საბუთი არ მაქვს, მაგრამ ვერ გამოვრიცხავ, რომ, შესაძლოა, განსაკუთრებულ საქმეებზე, სადაც ხელისუფლების ინტერესია, იყოს ზეწოლა, მაგრამ როგორც ადეიშვილის დროს ხდებოდა, როცა მის ჯიბეში იყო სასამართლო და მასობრივად ყველაფერს პროკურატურა წყვეტდა, ნამდვილად ვიცი, რომ ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეებს ასეთი მითითება არ აქვთ. ვფიქრობ, ამ მოსამართლეებს რაღაც თვითშეზღუდვა და გაუბედაობა აქვთ, როდესაც პინაზე თანაბარი მტკიცებულებები დევს“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.