ბიძინა გიორგობიანი - აქციაზე გამოდიან ნაცისტები, რომლებიც მხოლოდ ძალადობაში, შენობებში შევარდნასა და ძალისმიერ სცენარებზე არიან დახელოვნებული
ბიძინა გიორგობიანი - აქციაზე გამოდიან ნაცისტები, რომლებიც მხოლოდ ძალადობაში, შენობებში შევარდნასა და ძალისმიერ სცენარებზე არიან დახელოვნებული

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რადან ეს ქვეყანა ჩვენია და ის არ არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის კუთვნილება, ისევე როგორც არცერთი პარტიის კუთვნილება არ შეიძლება იყოს, – ამის შესახებ პირველი მოწვევის პარლამენტის წევრმა, ბიძინა გიორგობიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვის რა ინტერესი აქვს ამ ქვეყანაში. აქ ლაპარაკია არა მხოლოდ თანხების ხარჯვაზე, არამედ თვითონ პროცესზე და ძალიან უცნაურია, როცა გამჭვირვალეობის კანონპროექტს რუსულ კანონს ეძახიან, ვინაიდან ევროკავშირში 2014 წლის ნოემბრიდან მოქმედებს ტრანსფარენტობის სარეგისტრაციო რეესტრი. ანუ, ევროკავშირში მოქმედებს გამჭვირვალობის რეესტრი და ფიზიკური პირებისთვის, ლობისტური კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაკავშირებული არიან რამე პოლიტიკურ აქტივობასთან, აუცილებელია იქ რეგისტრაცია. ეს იგივეა, რასაც ჩვენთან აპირებენ, ამ კანონპროექტის მიხედვით მოხდეს. გარდა ამისა, ევროპა მომავალ კვირაში კენჭს უყრის და იღებს კანონს, რომ 27 ქვეყნის გარეთ, მათ შორის, რუსეთიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, აშშ-დან, კანადიდან ან სხვა რომელიმე ქვეყნიდან ევროკავშირის შიგნით რაიმე ინტერესების განმახორციელებელმა ორგანიზაციამ ძალიან მკაცრი აღრიცხვის და ანგარიშგების პროცედურა უნდა გაიაროს“, – განაცხადა გიორგობიანმა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ახალგაზრდები შეცდომაში შეჰყავს, თითქოს გამჭვირვალობის კანონპროექტი რუსულია და ეს მათ ევროპულ მომავალს უკეტავს.

„დავუშვათ სასწაული, რომ ყოველგვარი რიგის და რაღაც პროცედურების გარეშე მიგვიღეს ევროკავშირში, შევედით და იქ მიღებული დაგვხვდა კანონი, რომლის გაპროტესტებასაც აქ „ნაციონალური მოძრაობა“ „მოლოტოვის კოქტეილებით“, ზურგჩანთებით და ნიღბებიანი ახალგაზრდების მეშვეობით ცდილობს, რომ არ იქნეს მიღებული; შევედით ევროკავშირში და იქ უკვე მიღებული დაგვხვდა ეს კანონი, მერე რას ვშვებით, უკან გამოვდივართ? მოძრაობა დაიწყება, რადგან იქ ეს კანონი მოქმედებს, ჩვენ უკან უნდა გამოვიდეთო? ეს ხომ აბსურდი თეატრია?“ – განაცხადა გიორგობიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარების რესურსი, გიორგობიანმა განაცხადა, რომ ახალი რევოლუციისთვის მათ საზოგდოების მხარდაჭერა არ აქვთ.

„ეს უკვე მესამე მცდელობაა რევოლუციის, პირველი ხომ არ არის? მას შემდეგ, რაც არჩევნები წააგეს, იციან, რომ არჩევნებით ხელისუფლებას ვერასდროს დაიბრუნებენ და ერთადერთი გზა დარჩათ, ხელისუფლება რევოლუციის გზით დაიბრუნონ, რისთვისაც ყველაფერს აკეთებენ“, – განაცხადა გიორგობიანმა.

როგორც ბიძინა გიორგობიანმა ასევე აღნიშნა, სამწუხაროაა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ და გაიზარდნენ და სკოლებში თუ უმაღლეს სასწავლებლებში საბჭოთა იდეოლოგიის მარწუხებში მოქცეული არ არიან, მაინც ისე მოქმედებენ, როგორც ტიპური ბოლშევიკური იდეოლოგიით აღზრდილი საზოგადოების შვილები.

„საგულისხმოა ბულინგი, მათი დამოკიდებულება განსხვავებულ აზრსა და ჟურნალისტებთან. თქვენ ნახეთ, როგორ იქცევიან ჟურნალისტების მიმართ. რაც მთავარია, აქვთ სხვა აზრის მიუღებლობა. ისინი არ შედიან განხილვაში. გეუბნებიან, მე არ მაინტერესებს, რა წერია იქ, რაკი ეს კანონი არსებობს, უკვე რუსულიაო, ყოველგვარი შინაარსის გარეშე. ეს ძალიან ცუდის ნიშანია. ახლა ცალ-ცალკე დაიწყეს სპორტსმენების, ფეხბურთელების, მწერლების და სხვადასხვა პროფესიის ადამიანების პირდაპირ შევიწროება-დამუნათება, გამოდით და თქვითო. უნდათ, ბოლოში რამენაირად დააცდენინონ მათთვის მანტრად ქცეული, ყოველგვარი შინაარსისგან დაცლილი შეძახილი – არა რუსულ კანონს, რომელსაც განუწყვეტლივ იმეორებენ. მათი მოქმედების ეს სტილი შემაშფოთებელია, იმაზე მეტად შემაშფოთებელი, ვიდრე ის, იქ რომ პერიოდულად ამოყვინთავენ ხოლმე მიმდინარე პროცესის მთავარი აქტორები“, – განაცხადა გიორგობიანმა.

მისივე თქმით, როდესაც საქმე მიდის შეტაკებისკენ და შენობაში შეჭრა-შევარდნისკენ, იქ უცებ ამოდიან ველური და მანიაკალური ჟინით შეპყრობილი გიგი უგულავა, ნიკა გვარამია და „ნაციონალური მოძრაობის“ შავბნელი ეპოქის სხვა შვილები.

„გუშინ იქ ეს ჟღერადი სახელები „დაფიონი“, „ქიმერიონი“ და „უქიმერიონი“ არავის არ ახსოვდა. ამ რუსული სლენგისთვის ბოდიშს ვიხდი, მაგრამ იქ უკვე გამოდიან „მახროვი“ ნაცისტები, რომლებიც მხოლოდ ძალადობაში, კაცის კვლაში, შენობებში შევარდნაში და ძალისმიერ სცენარებზე არიან დახელოვნებული. ისინი ამისთვის მუშაობენ, საწყალი ახალგაზრდები კი ანტურაჟია, რომლებიც იქ მიჰყავთ და დროშაშემოხვეულები დადიან“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.