შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ რამდენი საქმეც დაასახელეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით იმდენ საქმეში აღმოჩნდნენ მტყუანი და წაიტეხეს ცხვირი
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ რამდენი საქმეც დაასახელეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით იმდენ საქმეში აღმოჩნდნენ მტყუანი და წაიტეხეს ცხვირი

ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ რამდენი საქმეც დაასახელეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით იმდენ საქმეში აღმოჩნდნენ მტყუანი და წაიტეხეს ცხვირი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„დღეს რომ ვეკითხებით, ჩუმად არიან. რომ ვეკითხებით, მაშინ საიდან გამოდის ეს კორპორატივიზმი-თქო, იცით, „ენჯეოები“ რას გვეუბნებიან? ევროკომისიამ ხომ გითხრათო? ასეთი შეკრული წრეა, მივდივართ ევროკომისიასთან – ვენეციის კომისია, მივდივართ ვენეციის კომისიასთან – „ენჯეოები“. „ენჯეოები“ გვეუბნებიან, ევროკომისიაო და არის შეკრული, ასე ვთქვათ, ბერმუდის სამკუთხედი, სადაც ადამიანი, უბრალოდ, ჩაიკარგები. გატარებენ ასე აქეთ-იქით, ერთი კუთხიდან მეორეში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება დისკუსიას არ გაურბის და არასამთავრობოები კეთილსინდისიერად უნდა შევიდნენ ამ დისკუსიებში.

„არასამთავრობო ორგანიზაციები გაიხსენებენ, რომ შარშან რამდენიმე კონფერენცია ჩავატარეთ, სადაც მეც ვმონაწილეობდი და ირაკლი კობახიძეც, როგორც პარტიის თავმჯდომარე. ორდღიანი კონფერენციები გვქონდა და დილის 09:00 საათიდან ღამის 21:00 საათამდე, 12 საათი, მე პირადად ფეხი არ მომიცვლია, იმის მიუხედავად, რომ თვითონ „ენჯეოები“ ზოგი მოდიოდა და ზოგი მიდიოდა; 12 საათი ვიდექი, ყველა საკითხზე შევდიოდით დისკუსიაში და ვცდილობდით, ყველა კითხვაზე გაგვეცა პასუხი. ჩვენ არასდროს არ გავურბივართ დისკუსიას, მაგრამ პრობლემა, იცით, რაშია? პრობლემა არის არა რუსულ კანონს, კლანი, ეს სლოგანები, საბჭოთა მეთოდები, რომლებსაც პირდაპირ ამოიკითხავთ, ერთ-ერთ ყოფილ ელჩს რომ უყვარდა კაგებე-ს სახელმძღვანელოს ხსენება, იმაში. მე არ მაქვს ეს წაკითხული; შეიძლება, მას ჰქონდა წაკითხული, მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგიერთ „ენჯეოს“ კაგებე-ს ეს სახელმძღვანელოები წაკითხული აქვს, როგორ ხდება პროპაგანდა, როდესაც ხდება ემოციებზე თამაში, როდესაც ყვირილით ხდება საღი აზრის ჩაჩუმება და დისკუსიის დაბლოკვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და არგუმენტებით ისაუბროს.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, არის რაღაც ინტერესები, თავს დაესხან ქართულ მართლმსაჯულებას.

„სხვა გამართლება არ აქვს ამას. უკვე ათი წელია, რაც ქართულ მართლმსაჯულებაზე მიდის თავდასხმა და ისინი ყოველ ჯერზე მტყუანი აღმოჩნდნენ. საბედნიეროდ, სტრასბურგის სასამართლო არის ის ინსტანცია, რომელიც ყოველ ჯერზე ამხელს ამ ყალბ და დაფინანსებულ კამპანიებს. სიტყვა კლანი ვინ გამოიგონა? ვინ და ამ „ენჯეოებმა“, დღეს რომ სტიგმატიზებაზე საუბრობენ. ისინი ამაზე ვიდეოკლიპებს იღებდნენ და პლაკატებს ამზადებდნენ. ვინ არის ამ ქვეყანაში სტიგმატიზების ავტორი? ხომ ეს ჯგუფები არიან, სწორედაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი ჯგუფები, რომლებმაც ქართულ მართლმსაჯულებაზე რამდენჯერმე მიიტანეს შეტევა, მაგრამ ეს შეტევა ყოველ ჯერზე მოიგერია სტრასბურგის სასამართლომ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.