შალვა პაპუაშვილი - NED-ის ხელმძღვანელობასთან მქონდა საუბარი, პროექტების გასაჯაროებას დამპირდნენ, შემდეგ იკარგებიან, იმალებიან, ამას რა უნდა დავარქვათ, თუ არა ქართველი ხალხისადმი უპატივცემულობა
შალვა პაპუაშვილი - NED-ის ხელმძღვანელობასთან მქონდა საუბარი, პროექტების გასაჯაროებას დამპირდნენ, შემდეგ იკარგებიან, იმალებიან, ამას რა უნდა დავარქვათ, თუ არა ქართველი ხალხისადმი უპატივცემულობა

ახლაც იგივე მცდელობაა, რომ ყვირილით გადაფარონ საღი აზრი, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა პროცესთან გვაქვს საქმე, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს პრეზიდენტის სასახლეშიც შეიკრიბნენ და ისინი ამ დრომდე რუსულს უწოდებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს?

„ამ დღეებში რამე არგუმენტი თუ მოისმინეთ, გარდა იმისა, რომ ხდება უბრალოდ ბრენდირება და სლოგანად ერთი და იმავე სიტყვის გამეორება? რატომ? იმიტომ, რომ ვერ შემოდიან შინაარსში, ეშინიათ, რადგან არგუმენტი არ აქვთ. შარშან, საკომიტეტო განხილვების დროსაც იყო მათთან კომუნიკაცია, იმის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში, მათ შორის, არასამთავრობო სექტორთან სხვადასხვა შეხვედრის დროს ეს თემა ყოფილა ხოლმე, რა თქმა უნდა, მაგრამ მათ არგუმენტი ვერასდროს ვერ წარმოადგინეს. მათ ეშინიათ მსჯელობის, ვინაიდან იციან, რომ ამ მსჯელობაში დამარცხდებიან ქართველ ხალხთან. ხალხი დაინახავს, რომ მათ არგუმენტი არ აქვთ და ამ პანიკური ყვირილის ერთადერთი მიზანი საღი აზრის გადაფარვაა, რათა საქართველოს მოქალაქეები არ მიიყვანონ მსჯელობამდე, აუკრძალონ ის, რომ იფიქრონ და განსჯის შედეგად მიიღონ გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სხვადასხვა ფონდი, მაგალითად, ამერიკული და ევროპული ფონდები – „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ და „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ არათუ გაუმჭვირვალეა, არამედ ისინი მალავენ თავიანთ დაფინანსებას, იმის მიუხედავად, რომ მას პირდაპირ ჰქონდა საუბარი NED-ის ხელმძღვანელობასთან და ისინი პროექტების გასაჯაროებას დაჰპირდნენ.

„მე ხომ ამ შემთხვევაში არ ვარ ინდივიდი, მე ხომ წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს, ქართველ ხალხს და როდესაც ჩემთან შეხვედრის დროს არის დაპირება, რომ პროექტები გასაჯაროვდება, რომ მოგვაწვდიან სიას, თუ რას აფინანსებენ საქართველოში და შემდეგ, მიმოწერის დროს, უბრალოდ იკარგებიან და იმალებიან, პასუხებს ემალებიან, ამას რა უნდა დავარქვათ, გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველი ხალხის მიმართ აბსოლუტური უპატივცემულობა? იგივე შეეხება „ევროპის დემოკრატიის ფონდს“, რომლის ხელმძღვანელობის ბორდშიც, სხვათა შორის, ცნობილი ევროპარლამენტარები სხედან. მათ შორის, ახლა ისინიც გამოეხმაურნენ ამ კანონპროექტს, რომ არ მიესალმებიან. იმას კარგად მიესალმებიან, რომ მალავენ და საქართველოში ფარულად აფინანსებენ პარტიებს. EED არის ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელშიც, მათ შორის, ქალბატონი ანა ფოტიგაა ხელმძღვანელობის ბორდში და დღეს ვნახე მისი გამოხმაურება, როგორ არ მიესალმება ამ პროექტს. არადა, ის პირადად, მისი ფონდი ფარულად, ჩუმად აფინანსებს საქართველოში რადიკალურ ჯგუფებს და პარტიებს. არც კი უნდა, ანგარიში ჩააბაროს ქართველ ხალხს. ამიტომ ეს არის ფარისევლობის პიკი და ეს არის სწორედ საბჭოური აზროვნება, ვინაიდან გამჭვირვალობა არის ევროკავშირი, ხოლო გაუმჭვირვალობა არის საბჭოთა კავშირი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, პარტია „დროას“ ყალბი „ენჯეო“ „დროა“, რომელსაც, მათ შორის, ამერიკული და ევროპული წყაროები აფინანსებენ, მთელი წლის განმავლობაში ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს საქართველო გვერდს უვლიდა სანქციებს.

„აი, ამ დეზინფომაციულ კამპანიას აფინანსებდნენ. აფინანსებდნენ, მათ შორის, ვებგვერდს მონა.ჯი, რომელიც შექმნილია ადამიანის ღირსების შელახვისთვის და ამაში იხარჯება ევროპელი და ამერიკელი ხალხის ფული, როგორც ჩანს. იმიტომ, რომ ეს ორგანიზაციებია ამის განმახორციელებელი. არის მეორე სფერო, როდესაც რაღაცნაირად ვაგნებთ ხოლმე ან საჯაროდ ჩანს და არიან რადიკალური ჯგუფები, რომლებიც ფინანსდებიან. მაგალითისთვის, დღეს ვნახე NED-ის ხელმძღვანელობის გამოხმაურება, როგორ არ მიესალმება ამ კანონპროექტს და ამბობს, თითქოს მათი დაფინანსება მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებისთვის არის. პლაკატი – მე ვესროლე! არის ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ წარმოებული კამპანიის ნაწილი. ეს არის „მოლოტოვის კოქტეილი“, რომელიც შარშან, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ესროლეს ქართველ ხალხს და ცოცხლად წვავდნენ პოლიციელს. ორგანიზაცია „სირცხვილია“, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთასთან ერთად, არის რადიკალური ჯგუფი და მას ჰქონდა კამპანია – მე ვესროლე! აი, ეს კამპანია ფინანსდებოდა ამერიკელი და ევროპელი მოქალაქეების ფულით. იმას, ვინც ამას აფინანსებს, რამე კარგი უნდა ქართველი ხალხისთვის? არ უნდა გვითხრას, რას აფინანსებს და რისთვის ამ ქვეყანაში?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ გამოხმაურებები, რომლებიც დღეს ნახა, არის ფარისევლობის პიკი.

„იმ ორგანიზაციებისგან, რომლებიც ბოროტად იყენებენ საკუთარი მოქალაქეების ფულს იმისთვის, რათა სხვა ქვეყანაში „მოლოტოვის კოქტეილების“ რომანტიზება მოახდინონ, რა თქმა უნდა, ვერ მივიღებთ შენიშვნებს დემოკრატიასთან დაკავშირებით. მით უმეტეს, როდესაც ამას გვეუბნება ამერიკული ორგანიზაცია, როცა აშშ-ში არის არათუ ისეთი პროექტი, როგორიც ჩვენ გვაქვს, სადაც ჯარიმაა გათვალისწინებული და მხოლოდ ერთი ვალდებულება, არამედ ციხეში სვამენ, როდესაც ეს კანონი დაირღვევა. როდესაც ორგანიზაცია იქიდან აქ ჩვენ, ქართველ ხალხს გვეუბნება, რამდენად შეიძლება, შეარყიოს ასეთმა კანონმდებლობამ დემოკრატია, ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ჯერ შეწყვიტონ „მოლოტოვის კოქტეილების“ რომანტიზების დაფინანსება და მერე ელაპარაკონ ქართველ ხალხს, თუ რას ნიშნავს დემოკრატია და კანონის უზენაესობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.