გელა ლეჟავა - დეკრიმინალიზაციას თავისი წესები აქვს, კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს
გელა ლეჟავა - დეკრიმინალიზაციას თავისი წესები აქვს, კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი, გელა ლეჟავა აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს.

როგორც გელა ლეჟავამ აღნიშნა, ​დეკრიმინალიზაციას თავისი წესები აქვს.

“დეკრიმინალიზაციის დროს შემოღებულ უნდა იყოს ადმინისტრაციულ სახდელთა კოდექსი, რომელიც დაარეგულირებს დასჯადობის საკითხს. ციხეში არ უნდა ჩასვა, მაგრამ ხშირად უნდა იაროს შემოწმებაზე, უნდა იყოს კონტროლის ქვეშ, არის შინა პატიმრობის საკითხი, არის საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა, მანქანის მოწმობის ჩამორთმევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი საშუალებებით უნდა დარეგულირდეს დეკრიმინალიზაცია. ცხადია, პარალელურად უნდა იყოს სოციალური ჯანდაცვის საკითხების მოგვარება. პირველ რიგში უნდა ჩაერთოს მასმედია”, – განაცხადა გელა ლეჟავამ.

მისივე თქმით, უნდა მოგვარდეს სამედიცინო, სოციალური საკითხები და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება საუბარი დეკრიმინალიზაციაზე.

მეცნიერებათა აკადემიაში მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები, ნარკოპოლიტიკის რეფორმის ავტორებსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მსჯელობენ.

ამასთან, საქართველოს საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს.

საქართველოს პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება გასული წლის გაზაფხულზე მოხდა და ცვლილებებზე მსჯელობა შემოდგომაზე დაიწყო.

ჯანდაცვის კომიტეტმა ცვლილებები პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე 27 დეკემბრის სხდომაზე მიიღო.

არსებული სახით ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან როგორც “კონსერვატორები”, ასევე ჯანდაცვის კომიტეტის რამდენიმე წევრი, რომელთა შორისაა დიმიტრი ხუნდაძე. რაც შეეხება ცვლილებების არსს, პროექტით, ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მოხმარება და მცირე ოდენობით ფლობა კრიმინალური პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. კერძოდ, ცვლილებებით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო ფლობასთან (წარმოება დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა გადაგზავნა) დაკავშირებული პასუხისმგებლობა იმიჯნება იგივე ქმედებისაგან, როდესაც დადასტურებულია გავრცელების, ან კომერციული მიზნით გასაღების ფაქტი.

აღნიშნული ქმედებებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია უფრო მკაცრი სანქციები, ვიდრე უკანონო ფლობის დანაშაულზე.

ამასთან, პროექტით, კომერციული მიზნის გარეშე, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების გავრცელება, შედარებით ნაკლები სიმკაცრით ისჯება, ვიდრე ისეთი შემთხვევები, როდესაც სახეზეა კომერციული სარგებლის მიღების მიზანი. ინიციატივით გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმებიც. კერძოდ, პროექტით, ნარკოტიკული ნივთიერების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 400 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუკი ზემოთ აღნიშნული ქმედება ჩადენილია: დიდი ოდენობით, ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის და იმ პირის მიერ, ვისაც მანამდე ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 600 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული კიდევ მომდევნო ქმედება, რომელიც ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე. იმ შემთხვევაში, თუკი საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებს დაამტკიცებს, კანონპროექტის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ახალ რეგულაციას ამნისტია მოჰყვეს.