საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს
საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს

პარლამენტში მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის საკითხზე საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„როგორც ცნობილია, გასული წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა, რამაც საზოგადოებაში აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია და აღნიშნულ საკითხს, ზოგადად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც შეეხო „საშობაო ეპისტოლეში“.

ვინაიდან პარლამენტში ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავ გრძელდება, გვინდა დამატებით განვაცხადოთ შემდეგი: მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ნარკოტიკების მოხმარება მძიმე ცოდვაა, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო არასოდეს უჭერდა მხარს და არც ახლა ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას.

მაგრამ ვიდრე აღნიშნული განხორციელდება, ჩვენის აზრით, საჭიროა შემდეგი საკითხების დროულად გადაწყვეტა:

ა) ეკლესია ყოველთვის მკვეთრი ღონისძიებების გატარების მომხრე იყო ნარკოტიკების გამავრცელებელთა მიმართ, რადგან ეს არის დანაშაული ერის წინაშე და ამ ქმედებას სახელმწიფო მთელი სიმკაცრით წინ უნდა აღუდგეს, რაც დამატებით რეგულაციებში უნდა აისახოს;

ბ) ჩანს რომ, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები ამ ეტაპზე მზად არ არიან მოსალოდნელი ნეგატიური ტენდენციების კონტროლისათვის და ყველამ თავისი ხედვა უნდა წარმოადგინოს;

გ) აუცილებელია, ოჯახის წევრები და, განსაკუთრებით, ბავშვები დაცულნი იყვნენ ნარკოდამოკიდებული წევრის მავნე გავლენისაგან;

დ) ქვეყანაში არ არის სათანადოდ მოწყობილი სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს გამოსწორების საშუალება ექნებათ და ეს მდგომარეობა მალე უნდა შეიცვალოს;

ე) ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით საჭიროა მედია საშუალებების აქტიური ჩართულობა, რომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი;

ვ) აუცილებელია სასწავლებლებში სპეციალური კურსის შემოღება, რომ, პირველ რიგში, ახალგაზრდობამ გააცნობიეროს, ნარკოდამოკიდებულებების შემთხვევაში, რას უქადის მათ ხვალინდელი დღე და შეექმნათ უარყოფითი განწყობა;

ზ) უნდა გამკაცრდეს ზომები, აღნიშნული ნარკოტიკების უკანონო შემოტანასთან, გავრცელებასთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და განსაკუთრებით არასრულწლოვანთა წრეში მის მოხმარებასთან დაკავშირებით;

თ) აუცილებელია, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, განისაზღვროს ნარკოდამოკიდებული ადამიანების სამუშაოთი უზრუნველყოფის საკითხი და სხვა.

კანონპროექტის წარმოდგენილ ვარიანტში კი ეს მიმართულებები არ არის ასახული, რაც მისი განხილვის შეჩერების აუცილებლობაზე მეტყველებს.

ამასთან, საჭიროდ მიგვაჩნია, მოეწყოს აღნიშნული თემის ფართო, საზოგადოებრივი განხილვა ხელისუფალთა, ფსიქოლოგების, ექიმების, იურისტების, სასულიერო პირთა, ადამიანის უფლებადამცველების, ჟურნალისტების, პედაგოგთა, საერთოდ ინტელიგენციის, სამართალდამცავთა და სხვათა ჩართულობით, რათა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება გასული წლის გაზაფხულზე მოხდა და ცვლილებებზე მსჯელობა შემოდგომაზე დაიწყო.

ჯანდაცვის კომიტეტმა ცვლილებები პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე 27 დეკემბრის სხდომაზე მიიღო.

არსებული სახით ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან როგორც “კონსერვატორები”, ასევე ჯანდაცვის კომიტეტის რამდენიმე წევრი, რომელთა შორისაა დიმიტრი ხუნდაძე. რაც შეეხება ცვლილებების არსს, პროექტით, ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მოხმარება და მცირე ოდენობით ფლობა კრიმინალური პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. კერძოდ, ცვლილებებით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო ფლობასთან (წარმოება დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა გადაგზავნა) დაკავშირებული პასუხისმგებლობა იმიჯნება იგივე ქმედებისაგან, როდესაც დადასტურებულია გავრცელების, ან კომერციული მიზნით გასაღების ფაქტი.

აღნიშნული ქმედებებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია უფრო მკაცრი სანქციები, ვიდრე უკანონო ფლობის დანაშაულზე.

ამასთან, პროექტით, კომერციული მიზნის გარეშე, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების გავრცელება, შედარებით ნაკლები სიმკაცრით ისჯება, ვიდრე ისეთი შემთხვევები, როდესაც სახეზეა კომერციული სარგებლის მიღების მიზანი. ინიციატივით გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმებიც. კერძოდ, პროექტით, ნარკოტიკული ნივთიერების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 400 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუკი ზემოთ აღნიშნული ქმედება ჩადენილია: დიდი ოდენობით, ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის და იმ პირის მიერ, ვისაც მანამდე ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 600 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული კიდევ მომდევნო ქმედება, რომელიც ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე. იმ შემთხვევაში, თუკი საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებს დაამტკიცებს, კანონპროექტის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ახალ რეგულაციას ამნისტია მოჰყვეს.

დატოვე კომენტარი