გეგა გეგეშიძე - მაქვს საერთაშორისო ვალდებულებები, ვატარებ მსოფლიო ჩემპიონატს და ჩემი თანამდებობიდან ჩამოშორება ჩამოაქცევს როგორც ფედერაციას, ასევე ქვეყანას
მაქვს საერთაშორისო ვალდებულებები, ვატარებ მსოფლიო ჩემპიონატს და ჩემი თანამდებობიდან ჩამოშორება ჩამოაქცევს როგორც ფედერაციას, ასევე ქვეყანას, – ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მისი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ.
„თუ ვინმეს ვაშინებ, გამოვიდეს ფედერაციიდან და თქვას, რომ დავაშინე. არც გაქცევას ვაპირებ, არც დაშინებას. ჭიდაობის ფედერაცია არასოდეს ასეთი აღიარებული არ ყოფილა. ჩემი პრეზიდენტობის დროს 150 მედლით მეტი იყო, ვიდრე მთლიანად ოთხი წლის განმავლობაში. მაქვს საერთაშორისო ვალდებულებები, ვატარებ მსოფლიო ჩემპიონატს და ჩემი თანამდებობიდან ჩამოშორება ჩამოაქცევს როგორც ფედერაციას, ასევე ქვეყანას“, – განაცხადა გეგა გეგეშიძემ.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს მოსამართლემ 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. დაკავებულისთვის გირაოს შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა.
ამასთან, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის კიდევ ერთი შუამდგომლობა გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან ჩამოშორების შესახებ.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 22 იანვარს დააკავეს. გეგა გეგეშიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს, რაც ძალადობას გულისხმობს.