გედევან ფოფხაძე მთავრობის სხდომის ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს
გედევან ფოფხაძე მთავრობის სხდომის ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მთავრობის სხდომის ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს.

ჟურნალისტებთან საუბარში გედევან ფოფხაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესების თაობაზე საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს, მაგრამ როცა ახალი ინფორმაცია შემოდის და მისი ობიექტური გააზრებაა საჭირო, ისეთი პოლიტიკური ინსინუაციები იწყება, რომ სიმართლე მეორე პლანზე გადადის და ვიღაცების პოლიტიკური დღის წესრიგი უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

დეპუტატის თქმით, ჩანაწერები ცალსახად გარკვეულ პოლიტიკურ ამოცანას ემსახურება.

„მაინტერესებს, სიმართლე რა არის, გაზვიადებული რა არის და რეალობა როგორია, თუმცა ამის გარკვევას რეალური სამართლებრივი ფორმები მჭირდება და არა ის, რაც პოლიტიკურ კამათში და იმის გარჩევაში გადაიზრდება, ვინ უფრო დამნაშავეა. ასეთი მსჯელობა აზრს მოკლებულია. ბუნებრივია, ხელისუფლებაში პრობლემები არის და შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გარკვეული ცვლილებები არ უნდა იყოს, რათა კითხვები გაიფანტოს. მათ შორის, ცალკეული პირების მონაწილეობაზე სახელმწიფო ინსტიტუტებზე არაფორმალური ზეგავლენის თვალსაზრისით. მიუღებელია, რომ ასეთი კითხვები ჩნდება, მაგრამ ვისაც თავისი დღის წესრიგისთვის უნდა, რომ კითხვებს არეულობა მოაყოლოს, მათ პათოსს ვერ გავიზიარებ. როცა პრეზიდენტი თუ სხვა გირგვლიანისა და სარალიძის საქმეს ერთ განზომილებაში დააყენებს, მგონია, რომ სახელმწიფოს ნეგატიურ როლს ხელოვნურად ვქმნით, რადგან რეალობაა, რომ გირგვლიანის შემთხვევაში დანაშაული მთელმა სახელმწიფო სისტემამ ჩაიდინა და სახელმწიფომ მისი დაცვა უზრუნველყო. შეიძლება გამოძიებაზე იყოს კითხვები, მაგრამ სარალიძის საქმეში ამას გამოვრიცხავ, რადგან კომისია შეიქმნა და მთავარი პროკურორი გადადგა. სახელმწიფოს რეაგირება გადაწყვეტილებებში გამოიხატება და არა იმაში, რომ მაღალი თანამდებობის პირები დაეცვათ და ეთქვათ, რომ მათი პასუხისმგებლობა არ იკვეთება”, – განაცხადა ფოფხაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მამუკა ბახტაძეს დღეს მიმართა, რომ უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომა მოიწვიოს, სადაც პრეზიდენტის მონაწილეობით სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის საკითხები იქნება განხილული.