ინტერნეტგამოცემა „ნავალ ნიუსის“ ცნობით, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო გემი შევიდა.
როგორც გამოცემა წერს, შავი ზღვის პორტი, შესაძლოა, რუსული ფლოტისთვის მნიშვნელოვან ნავსაყუდელად იქცეს უკრაინული საზღვაო დრონებისგან დასაცავად.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ოჩამჩირის პორტში უკვე გაჩერებულია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი რამდენიმე საპატრულო ხომალდი, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აღნიშნულ პორტში სამხედრო ხომალდი გამოჩნდა.
„ნავალ ნიუსი“ წერს, რომ რუსეთის ფლოტის სამხედრო გემი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფზახეთის პორტში ნოვოროსიისკიდან შევიდა, სადაც ის უკანასკნელად 28 ივნისს დააფიქსირეს. შემდეგ გემი რამდენიმე დღით გაუჩინარდა და ოჩამჩირეში 4 ივლისს შენიშნეს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 3 ივლისს უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ საზღვაო დრონების გამოყენებით იერიში მიიტანა ნოვოროსიისკზე. ერთ-ერთი ვერსიით მიხედვით, რუსული გემი ამ დროს ღია ზღვაში იმყოფებოდა და თავი ოჩამჩირეს შეაფარა.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასაწყისში რუსული ფლოტი შავ ზღვაში დომინირებდა. რუსული სამხედრო ხომალდების ძირითად ბაზას სევატოპოლი წარმოადგენდა. უკრაინელთა აქტიურობის შედეგად რუსეთმა გემების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა, სევასტოპოლი კი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების, საზღვაო დრონების და სარაკეტო თავდასხმებისგან დაუცველი გახდა. შედეგად, რუსული ხომალდების დიდი ნაწილი ნოვოროსიიკსში გადაიყვანეს, თუმცა საფრთხე მათ იქაც დაემუქრათ.
„ამრიგად, ოჩამჩირე შეიძლება გახდეს პოლიტიკურად რთული სამალავი უკრაინული ძალებისგან“, – ნათქვამია „ნავალ ნიუსის“ სტატიაში.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ „რაც უნდა იყოს რუსული სამხედრო გემის ოჩამჩირეში შესვლის მიზეზი, ფაქტია, რომ ის რუსეთის ფლოტის შემადგენლობაშია და რუსეთ-უკრაინის ომშია ჩართული“.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ ოჩამჩირის პორტი შედარებით პატარაა, თუმცა მას თავისუფლად შეუძლია რამდენიმე დიდი სამხედრო გემის მიღება, მათ შორის, სადესანტო ხომალდებისა და ფრეგატების. სტატიაში აღნიშნულია, რომ საბჭოთა პერიოდში ოჩამჩირეში წყალქვეშა ნავებიც ჩერდებოდნენ.
პუბლიკაციის მიხედვით, ოჩამჩირის პორტში გაჩერებულ გემს სამაშველო ბუქსირს უწოდებენ, თუმცა ის შეიძლება, განიხილო როგორც ზოგადი დანიშნულების დამხმარე გემი. მას ხშირად გადაჰყავს მებრძოლები და გადააქვს სარაკეტო სისტემები. ეს გემი უკრაინელების მიერ 2022 წლის 17 ივნისს კუნძულ ზმეინის სიახლოვეს ჩაძირული რუსული ხომალდის „ვასილი ბეხის“ მსგავსია. მაშინ „ვასილი ბეხს“ საჰაერო თავდაცვის სისტემა გადაჰქონდა.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ოჩამჩირეში დაფიქსირებულ გემზე, სავარაუდოდ, არის სატრანსპორტო საშუალება ან კონტეინერი.