ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციის მიერ ინიცირებულ არცერთ საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციას მხარს არ დავუჭერთ, რადგან მათი მიზნები ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება
ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციის მიერ ინიცირებულ არცერთ საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციას მხარს არ დავუჭერთ, რადგან მათი მიზნები ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება

ჩვენი პოზიცია ძალაში რჩება, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რადიკალური ოპოზიციის მიერ ინიცირებულ არცერთ საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციას, რადგან მათ აქვთ განსხვავებული მიზნები, რაც ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს პირდაპირ უპირისპირდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს იმის შესახებ, რომ თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილებაზე რეზოლუციის მიღებას ითხოვენ.

ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის არცერთ საგარეო ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ.

„ეს არც წარსულში გაგვიკეთებია და არც მომავალში დავუჭერთ მხარს. მნიშვნელობა არ აქვს, მასში რა წერია. მათ არცერთ საგარეო ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ. მთავრობამ თავისი პოზიცია უკვე ოფიციალურად გამოხატა. ოპოზიცია რასაც ცდილობს, ამაზე მეტია? 11 წელია, ამ ქვეყანაში მშვიდობას ვინარჩუნებთ. ერთადერთი ხელისუფლება ვართ, ვის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა. ეს არის ჩვენი პოლიტიკის შედეგები, ამიტომ გვაცადეთ. ბორდერიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მემკვიდრეობაა – გვაცადეთ, სამშვიდობო და პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება, ამ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.