გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში, „ცენტრ-პოინტის“ მშენებლობებს m2 დაასრულებს
კომპანია „m2 უძრავ ქონებასა“ და „ცენტრ-პოინტს“ შორის წინასწარი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, თუ ექვსი თვის ვადაში „ცენტრ-პოინტი“ გარკვეულ წინაპირობებს შეასრულებს, m2 „ცენტრ-პოინტის“ დაუსრულებელ კომპლექსებში სამშენებლო სამუშაოების წარმოებას დაიწყებს და 3 წლის ვადაში დაასრულებს.
m2-ის ინფორმაციით, კომპანიის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში, m2 მხოლოდ სამუშაოების შემსრულებელი კომპანია იქნება, რომელსაც „ცენტრ-პოინტი“ დაიქირავებს. სანაცვლოდ კი, „ცენტრ-პოინტი“ m2-ს მის საკუთრებაში არსებულ თავისუფალ უძრავ ქონებას გადასცემს. დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებთან ურთიერთობის საკითხი კვლავ „ცენტრ-პოინტის“ პრეროგატივად დარჩება.
„ცენტრ-პოინტის თხოვნით ჩვენ შევიმუშავეთ ამ უმწვავესი სოციალური პრობლემის გადაჭრის გეგმა, რომელიც ჩვენი კომპანიის, „ცენტრ-პოინტისა“ და სახელმწიფოს მჭიდრო და კოორდინირებულ თანამშრომლობას მოითხოვს. ეს პროექტი ჩვენთვის ნაკლებად მიმზიდველია ფინანსური კუთხით, მაგრამ ის მნიშვნელოვანია სოციალური კაპიტალის დაგროვების თვალსაზრისით. m2-ს სურვილი აქვს, დაეხმაროს დაზარალებულ ოთხი ათას ოჯახს, საზოგადოებას, კომპანია „ცენტრ-პოინტსა“ და სახელმწიფოს ამ მრავალწლიანი და მრავალშრიანი პრობლემის მოგვარებაში“, – აცხადებს m2-ის გენერალური დირექტორი, ირაკლი ბურდილაძე.