გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, ხანძრის თავიდან აცილების მიზნით, უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად დაიცვან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, ხანძრის თავიდან აცილების მიზნით, უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად დაიცვან

დასავლეთ საქართველოში ტყის მასივებსა და სავარგულებში ხანძრის გაჩენის თავიდან ასაცილებლად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, გლობალური კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე, ნალექის რაოდენობა შემცირებულია, გამომშრალია ნიადაგი და ბალახეული საფარი, რაც როგორც ხანძრის წარმოშობას, ასევე მის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს.

„მცენარეული ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძარი საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს, ტყის მასივებსა და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს ნიადაგის თვისებების გაუარესება, ნაყოფიერების დონის შემცირება და, საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაცია“, – აცხადებენ სამინისტროში.

ამასთან, სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიბებში ჩართულ ადამიანებს მადლობას უხდის.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ ხანძრების ჩაქრობის სამუშაოებს.

ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევე სპეციალისტებს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიბებში ჩართულობისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, 2021 წლის პირველი იანვრიდან 8 იანვრამდე, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაფიქსირდა ხანძრის 13 შემთხვევა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაცემებით, ტყის ფონდში ხანძრის გავრცელების წინასწარი ფართობი 200 ჰექტარს შეადგენს. ამ დროისთვის, რჩება რამდენიმე ღია კერა. რთული რელიეფური მდებარეობის გამო. ზუსტი მონაცემები ცნობილი გახდება ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ.