ესპანეთში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, 19 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში, 14-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებულია 14 პირი, მათ შორის, ექვსი მეხანძრე და ერთი მცირეწლოვანი. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 19 ადამიანი.

ცეცხლის ქრობის პროცესში 20-ზე მეტი სახანძრო ეკიპაჟი მონაწილეობდა.

როგორც მედია წერს, ხანძარი თავდაპირველად საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე გაჩნდა და მალევე გავრცელდა მთელ შენობაზე. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

შემთხვევას გამოეხმაურა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესიც.

„შეძრწუნებული ვარ ვალენსიაში მდებარე შენობაში საშინელი ხანძრის გამო. მსურს, ჩემი სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა დაზარალებულ ადამიანს და სასწრაფო დახმარების პერსონალს, რომელიც უკვე იმყოფება შემთხვევის ადგილზე“, – წერს სანჩესი სოციალურ ქსელში.