გამყინვარების ხანის უცნაური სიმბოლოები შეიძლება კაცობრიობის პირველ დამწერლობას წარმოადგენდეს — #1tvმეცნიერება
გამყინვარების ხანის უცნაური სიმბოლოები შეიძლება კაცობრიობის პირველ დამწერლობას წარმოადგენდეს — #1tvმეცნიერება

მკვლევართა განცხადებით, 20 000 წლის წინანდელ მღვიმის ნახატებში აღმოაჩინეს ე. წ. პროტოდამწერლობის სისტემა, რომელიც შეიძლება, დამწერლობის გარკვეული სახის ყველაზე ადრეული ფორმა იყოს ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.

სავარაუდოდ, ზედა პალეოლითის ხანის მონადირეები კედლებზე გამოსახულ ამ სიმბოლოებს გადარჩენისთვის აუცილებელი ინფორმაციის გადასაცემად იყენებდნენ: მკვლევართა აზრით, ისინი ასახავს ცხოველთა შეჯვარების სეზონების ჩანაწერს, რაც მთვარის თვეებზეა დაფუძნებული.

აღმოჩენა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ჰომო საპიენსის დამწერლობის სისტემის ყველაზე ადრეული ფორმა თარიღს დაახლოებით 14 000 წლით უკან, წარსულში სწევს.

მიუხედავად იმისა, რომ ასოები და წინადადებები არ არის, მკვლევართა განცხადებით, ეს ნიშნები უნდა წარმოადგენდეს „მნიშვნელობის სრულ ერთეულს“.

მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა წერტილების, ხაზებისა და Y-ის ფორმების 800-ზე მეტი მიმდევრობა, რომლებიც ევროპის მასშტაბით, ბოლო გამყინვარების ხანის მღვიმის ნახატებში იპოვეს.

ეს აღნიშვნები ხშირად ცხოველების გვერდით არის გამოსახული, რაც მათი გაშიფვრის პროცესში გადამწყვეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

„ამ ნახატებში არსებული ნიშნების მნიშვნელობა ყოველთვის მაინტრიგებდა, შესაბამისად, მათი გაშიფვრა ვცადე, რისთვისაც იგივე მიდგომა გამოვიყენე, რაც სხვებმა ბერძნული ტექსტის ადრეული ფორმის გასაშიფრად“, — ამბობს დამოუკიდებელი მკვლევარი ბენ ბეიკონი.

ნახატების ნიმუშების ვრცელი მონაცემთა ბაზა შესაბამის ცხოველთა დაბადების ციკლებს შეადარეს, რამაც ამ ნიშნების აქამდე დამალული მნიშვნელობა გამოააშკარავა — ისინი ასახავდა, თუ როდის არის თითოეული ამ ცხოველის შეჯვარების დრო.

მკვლევართა ვარაუდით, Y სიმბოლო, რომელიც ამ ნახატებში რეგულარულად გვხვდება, „მშობიარობას“ აღნიშნავს, რითაც იმ დროის ადამიანებს შესაბამისი ცხოველის შესახებ გადამწყვეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას სთავაზობს; მათ შორის იყვნენ ცხენები, ირმები, მსხვილფეხა რქოსანი საქონელი და მამონტები.

დამწერლობა

აღმოჩენა აჩვენებს, რომ გამყინვარების ხანის ადამიანები უბრალოდ დღიდან-დღემდე კი არ ცხოვრობდნენ, არამედ ჩანაწერებსაც აკეთებდნენ წარსულის მოვლენების შესახებ, რათა ისინი მომავალში მათვე დახმარებოდა.

„მთვარის კალენდრები რთულია, რადგან წელიწადში მხოლოდ თორმეტ-ნახევარი მთვარის თვეა და შესაბამისად, წელიწადში ზუსტად ვერ ჯდება. შედეგად, თანამედროვე კალენდარმა მთვარის თვეებთან ნებისმიერი სახის ნამდვილი კავშირი დაკარგა“, — ამბობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მათემატიკოსი ტონი ფრითი.

ჯგუფის მიერ შესრულებული ნაშრომი გარკვეული დოზით შეიცავს ინტერპრეტაციას და ვარაუდს და შესაბამისად, ყველა არ ეთანხმება დასკვნას, რომ ჩვენ წინაშე შეჯვარების სეზონის კალენდარია ან რაიმე ფორმა, რასაც შეიძლება დამწერლობა უწოდო.

კვლევის ავტორებიც კი მიუთითებენ, რომ ეს ნიშნები საუკეთესო შემთხვევაში არის გარდამავალი საფეხური მარტივ აღნიშვნებსა და დამწერლობის სრულყოფილ სისტემას შორის. იდეა ნებისმიერ შემთხვევაში იმსახურებს შემდეგ შესწავლას.

დამწერლობის თანამედროვე სისტემა მესოპოტამიაში, შუმერების რეგიონში გამოჩნდა ძვ. წ. დაახლოებით 3300 წელს; თავდაპირველად, ასოების სახით პიქტოგრაფიულ ფორმებს იყენებდნენ. ის, რასაც ახალ კვლევაში ვხედავთ, ნიშნავს იმას, რომ ქვაზე დამწერლობის ისტორია შეიძლება გაცილებით შორეულ წარსულში მიდიოდეს.

კვლევა Cambridge Archaeological Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ucl.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.