აღმოჩენილია მსოფლიოს პირველ დამწერლობაზე შესრულებული უძველესი წინადადება — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია მსოფლიოს პირველ დამწერლობაზე შესრულებული უძველესი წინადადება — #1tvმეცნიერება

მეცნიერთა განცხადებით, ბოლო პერიოდში აღმოჩენილ უძველეს სპილოს ძვლის სავარცხელზე დატანილი წინადადება, იმ ანბანზე დაწერილი ყველაზე ძველი მაგალითია, რომელიც თანდათან ყველა თანამედროვე ანბანის საფუძველი გახდა.

წვრილკბილიანი ხელსაწყო რამდენიმე წლის წინ ცენტრალურ ისრაელში, უძველეს ქანაანურ ქალაქ ლახიჩში აღმოაჩინეს, მაგრამ მეცნიერებმა მხოლოდ ცოტა ხნის წინ შენიშნეს, რომ მასზე 17 ციცქნა ასო იყო ამოტვიფრული.

ძლივს შესამჩნევი ასოებით შვიდი სიტყვა წერია, რომელიც უხეშად ასე ითარგმნება: „დაე, ამ ეშვმა სამუდამოდ ამოძირკვოს თმისა და წვერის ტილები“.

მეცნიერთა აზრით, ეს იმედიანი წარწერა ძველი წელთაღრიცხვის დაახლოებით 1700 წელს არის შესრულებული და ქანაანურ დიალექტზე შესრულებული პირველი უტყუარი წინადადებაა არქეოლოგების მიერ ოდესმე აღმოჩენილთა შორის.

აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია, რადგან ქანაანური დამწერლობა (იგივე ფინიკიური დამწერლობა), დამწერლობის ამჟამად ცნობილი უძველესი ნიმუშია, სწორედ ის, რომელიც გარდაიქმნა და შევიდა სხვადასხვა კულტურაში მთელ მსოფლიოში.

უძველესი დამწერლობა

ყველა თანამედროვე ანბანი საფუძველს სწორედ ამ პირველი, უძველესი ასოებიდან იღებს, მათ შორის არაბული, ბერძნული, ლათინური, კირილიცა და ა. შ.

თუმცა მიჩნეულია, რომ პიქტოგრამები, რომლებიც თანამედროვე ჩინური დამწერლობის საფუძველს ქმნის, 5000 წლის წინ იღებს სათავეს, მაგრამ რადიკალებისა და სიმბოლოების სისტემა, რომელიც მის ასოებს ქმნის, სიტყვების ფონეტიკურ საფუძველს სულაც არ უწყობს ხელს იმავე გზით.

და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს იზოლირებული ასოების მრავალი სხვა მაგალითი, რომელიც ამ ადრეულ ქანაანურ დამწერლობას წარმოადგენს, არც ერთი მათგანში არ ამოკითხულა რაიმე მნიშვნელობა.

„ეს გახლავთ ქანაანურ ენაზე შესრულებული, ისრაელში აღმოჩენილი პირველი წინადადება. ქანაანელები სირიაში, უგარითშიც იყვნენ, მაგრამ ისინი სხვა ანბანზე წერდნენ, არა იმაზე, რომელიც დღემდე გამოიყენება. სავარცხელზე აღმოჩენილი წარწერა 3700 წლის წინ ანბანის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენების პირველი პირდაპირი მტკიცებულებაა. ეს გახლავთ საეტაპო მოვლენა ადამიანის წერის უნარების ისტორიაში“, — განმარტავს იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის არქეოლოგი იოსებ გარფინკელი.

თავად სავარცხელი დამზადებულია სპილოს ეშვისგან; სიგრძეში 3,66 სანტიმეტრია, სიგანეში 2,51 სანტიმეტრი.

კიდევ უფრო პატარაა მასზე ამოტვიფრული წარწერა. ზოგიერთი ასოს ზომა სულ რაღაც მილიმეტრია. ზოგიერთი კი ისეა გაცვეთილი, რომ ძლივს ჩანს და მათი კონტექსტში გაგება მხოლოდ გვერდით არსებული ასოებით ხდება შესაძლებელი.

სავარცხლის ერთი მხარეს ექვსი დიდი კბილის ნარჩენია, სავარაუდოდ თმების დასავარცხნად, მეორე მხარეს კი 14 წვრილი კბილის ნარჩენი მოჩანს და დიდი ალბათობით, ამ მხარეს ტილებისა და მათი კვერცხების მოსაშორებლად იყენებდნენ.

სავარცხლის წვრილკბილიან მხარეს, ერთ კბილში შემორჩენილია ძალიან დიდი ხნის წინანდელი თავის ტილის გარე მყარი ნაწილი (ქვემოთ, ფოტოზე). აღსანიშნავია, რომ აღმოჩენილია თავის ტილების უფრო ძველი მტკიცებულებებიც — ზოგიერთი მათგანი სულ მცირე 10 000 წლის წინანდელია. თუმცა, ეს აღმოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ ეს საშინელი არსებები თვით მდიდარ ქანაანელებსაც კი უმწარებდნენ ცხოვრებას.

სავარცხლისთვის გამოყენებული სპილოს ძვალი დიდი ალბათობით ეგვიპტიდან არის შემოტანილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს მასალა განკუთვნილი იყო ვიღაც ისეთი მდიდრისთვის, ვისაც მასზე ხელი მიუწვდებოდა. აღმოჩენა მიუთითებს, რომ თავის ტილები ძველი იერუსალიმის მდიდართა კლასსაც კი აწუხებდა, თანაც იმდენად, რომ მათი მოსპობის მიზნით, სპეციალური სავარცხელიც კი დაამზადეს.

ქანაანურ დამწერლობაზე წყევლები და შელოცვები აქამდეც იყო აღმოჩენილი, მაგრამ მათი უმეტესობა ადამიანებისკენ არის მიმართული; ამავე არქეოლოგიურ ძეგლზე დოქზე აღმოჩენილი სხვა ქანაანური წარწერები კი ძვ. წ. 1200 – 1400 წლებით თარიღდება.

აბეზარი მწერების დასაწყევლად სავარცხელზე შესრულებული წარწერები, სავარაუდოდ, სხვა მაგალითებზე რამდენიმე საუკუნით ძველია.

უძველესი სავარცხლის რადიომეტრული დათარიღება წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ ამავე ზონაში უფრო ადრე აღმოჩენილ სხვა არტეფაქტების საფუძველზე, მკვლევრები ეჭვობენ, რომ წარწერა ბრინჯაოს ხანაში, დაახლოებით 3700 წლის წინ არის შესრულებული.

არქაული ასოების სტილიდან გამომდინარე, ექსპერტები ფიქრობენ, რომ სიტყვები დამწერლობის ჩამოყალიბების ძლიერ ადრეულ ეტაპზეა შესრულებული, ქანაანური ანბანის შექმნიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ.

კვლევა Jerusalem Journal of Archaeology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.