გამოცემა EUobserver-ი ბრიუსელის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის კომუნიკეს პროექტს აქვეყნებს
გამოცემა EUobserver-ი ბრიუსელის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის კომუნიკეს პროექტს აქვეყნებს

ევროკავშირის ლიდერები და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ხუთი სახელმწიფო 15 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე მიზნად ისახავენ, ევროპის აღმოსავლეთში „განგრძობადი დესტაბილიზაციის გამო განგაშის ზარები შემოკრან“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა EUobserver-ი.

​გამოცემის ცნობით, EUobserver-ი ექსკლუზიურად გაეცნო ბრიუსელის სამიტის კომუნიკეს პროექტს.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონის ბევრ ნაწილში, მათ შორის შავი ზღვის არეალში მუდმივი დესტაბილიზაციისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევების გამო. ისინი აგრეთვე დღემდე მოუგვარებელი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად განახლებული ძალისხმევისა და ძალის გამოუყენებლობის პრინციპის დაცვის მოწოდებას გეგმავენ“, – ნათქვამია კომუნიკეს პროექტში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მხარეთათვის განგაშის საფუძველი უკრაინის საზღვრების სიახლოვეს რუსული ჯარების თავმოყრის, აგრეთვე გასულ წელს მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარი ომის საკითხებია.

„ევროკავშირის ლიდერები რეგულარულად ხვდებიან ქართველებს, უკრაინელებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს და მოლდოველებს, რათა ამ „აღმოსავლეთ პარტნიორებთან“ მჭიდრო კავშირები დაამყარონ. ბელარუსიც გზავნიდა მინისტრებს, მაგრამ მინსკმა ეს ჯგუფი ივნისში დატოვა და დაიწყო მიგრანტების გადაყვანა ახლო აღმოსავლეთიდან ევროკავშირის საზღვრებისკენ, რასაც ევროპა „ჰიბრიდულ ომს“ უწოდებს და ეს მეტად აძლიერებს დაძაბულობას რეგიონში“, – წერს EUobserver-ი.

ამასთან, კომუნიკეს წინასწარ პროექტში ნათქვამია, რომ ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ხუთ ქვეყანასთან ერთად პირობა დადო, რომ ერთობლივად დაუპირისპირდებიან არალეგალურ მიგრაციას, მათ შორის მიგრანტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.

„ერთობლივი კომუნიკე იყო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპული მისწრაფებების აღიარება, რომლებსაც ევროკავშირში სურთ გაწევრიანება“, – ამბობს EUobserver-ი.

წინასწარი პროექტის მიხედვით, ევროკავშირის ლიდერები აპირებენ თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი პარტნიორის სუვერენული უფლების დადასტურებას, თავად აირჩიოს საკუთარი ამბიციის დონე, რომლის საფუძველზეც ევროკავშირთან ურთიერთობებისკენ მიისწრაფვის.

EUobserver-ი ამბობს, რომ ევროკავშირი არასდროს დაჰპირებია საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გაერთიანებაში გაწევრიანებას, როგორც ამას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს დაჰპირდა, მაგრამ მან დაამყარა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები და სამივე უვიზო მიმოსვლა ამ ქვეყანასთან.

„სომხეთთან და აზერბაიჯანთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დიალოგის გახსნა შეიძლება. ევროკავშირის ლიდერები აგრეთვე მიესალმებიან „კოვიდ-19“-ის ციფრული სერტიფიკატების ურთიერთაღიარების საკითხს საქართველოსთან, სომხეთთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან, სამომავლოდ კი აზერბაიჯანთანაც, რომელიც ევროკავშირის ზონაში უსაფრთხო მოგზაურობის საშუალებას იძლევა. საუბარი არის აგრეთვე საერთო საერთაშორისო სატელეფონო როუმინგ სივრცეზეც, რომელიც ადამიანებს ამ მომსახურებაში მაღალი ფასების გადახდას აარიდებს თავიდან. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს არის კონსტრუქციული პარტნიორობა, რომელიც არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული“, – ნათქვამია კომუნიკეს წინასწარ პროექტში.

აქვე, EUobserver-ი ამბობს, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს სივრცეში აზერბაიჯანი და ბელარუსი ავტორიტარული რეჟიმებით გამოირჩევიან.