გაერო-ში ჩინეთის ელჩი - მტკიცებულებები მეტყველებს, რომ ნატო, ფაქტობრივად, დესტაბილიზაციის ძალაა
გაერო-ში ჩინეთის ელჩი - მტკიცებულებები მეტყველებს, რომ ნატო, ფაქტობრივად, დესტაბილიზაციის ძალაა

მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ნატო, ფაქტობრივად, დესტაბილიზაციის ძალაა, – ამის შესახებ გაერო-ში ჩინეთის ელჩმა, ჯონგ ჩანმა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა.

ჩინელმა დიპლომატმა გააკრიტიკა ნატო-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკე ცივი ომის მენტალიტეტისა და იდეოლოგიური მიკერძოებისთვის.

„ნატო თავს წარმოაჩენს რეგიონულ ორგანიზაციად, მაგრამ სცდება საკუთარი ხელშეკრულებით დადგენილ გეოგრაფიულ საზღვრებს და ერევა გლობალურ საქმეებში. მისმა აღმოსავლეთით გაფართოებამ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში უარყოფითი შედეგები გამოიწვია როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ უსაფრთხოებაზე. მიუხედავად განცხადებისა, რომ თავდაცვითი ალიანსია, ნატო მოუწოდებს თავის წევრებს, გაზარდონ სამხედრო ხარჯები და ჩაერთონ სამხედრო ოპერაციებში მთელ მსოფლიოში, თანმიმდევრულად გადალახონ საკუთარი საზღვრები და გამოიწვიონ დაპირისპირება. მიუხედავად პრეტენზიისა, რომ იცავს „წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“, ნატო-ს აქვს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმების დარღვევის ისტორია სხვა ერების საშინაო საქმეებში ჩარევით, ომების წამოწყებით, დიპლომატიური ობიექტების დაბომბვით და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობით. ნატო-ს ზოგიერთი წევრი ამჟღავნებს ორმაგ სტანდარტებს და მხარს უჭერს „ბირთვული ალიანსის“ ჩამოყალიბებას, რაც ამძაფრებს რეგიონულ დაძაბულობას. მტკიცებულებები იმაზე მეტყველებს, რომ ნატო, ფაქტობრივად, დესტაბილიზაციის ძალაა“, – განაცხადა ჯონგ ჩანმა.