გალაქტიკათგროვების შეჯახების შოკისმომგვრელი შედეგები - ახალი კვლევა
შოკური ტალღებისა და ენერგიის ეს თვალწარმტაცი პანორამა, რამდენიმე გალაქტიკათგროვის გიგანტური შეჯახების შედეგად გაჩნდა. თითოეული გროვა ასობით გალაქტიკას შეიცავდა.
შეჯახებებმა წარმოშვა შოკური ტალღები, რაც სინათლისა და რადიოტალღების ციური ფოიერვერკის სახით გამოჩნდა, წითდალ და ნარინჯისფრად.
ფოტოს ცენტრში, მეწამული ფერი მიუთითებს უკიდურესი სიცხის შედეგად წარმოქმნილ რენტგენულ გამოსხივებას.
რეგიონის საერთო სახელია აბელ 2744 და მდებარეობს დედამიწიდან 4 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე. სურათის რადიოპორცია შედგენილია ტელესკოპ Very Large Array (VLA)-სა და NASA-ს ჩანდრას რენტგენული გამოსხივების ობსერვატორიის მიერ განხორციელებული დაკვირვებების შედეგად. ორივე მათგანი სურათზე გადაფარულია ხილული სინათლის ტალღის სიგრძეებით, რაც სუბარუს ტელესკოპმა და Very Large Telescope (VLT)-მა შეაგროვეს. ტელესკოპ VLA-ს მიერ ჩატარებული დაკვირვებების შედეგად გამომჟღავნდა მანამდე დაუფიქსირებელი რეგიონები, სადაც შოკების მიერ აჩქარებული სუბატომური ნაწილაკები რადიოგამოსხივებას გამოყოფენ.
ასტრონომები კომბინირებულ ფოტოს სწავლობენ, რათა გაშიფრონ გალაქტიკათგროვების შეჯახებათა თანმიმდევრობა. მათი თქმით, მტკიცებულებები მიუთითებს ქვეგროვების ჩრდილოეთ-სამხრეთ (ფოტოს მაღლა-დაბლა) შეჯახებებსა და აღმოსავლეთ-დასავლეთ (ფოტოს მარჯვნივ-მარცხნივ) შეჯახებაზე. შესაძლებელია მესამე შეჯახებაც.
ამ ეტაპზე, ასტრონომები განაგრძობენ მონაცემთა ანალიზს, რათა გაარკვიონ კიდევ უფრო მეტი დეტალი რეგიონის შეჯახებების კომპლექსური ისტორიისა და ამის შემდგომი პროცესების შესახებ.
კვლევას უძღვებოდა ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრისა და გაერთიანებული სამეფოს საუთჰემპტონის მკვლევარი კონორ პირსი.
ნაშრომი Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია public.nrao.edu-ს (National Radio Astronomy Observatory) მიხედვით