გაგი მოსიაშვილი სამართალდამცველებს მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის იარაღისა და ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს
გაგი მოსიაშვილი სამართალდამცველებს მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის იარაღისა და ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს

ადვოკატი გაგი მოსიაშვილი სამართალდამცველებს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ლაშა ვაშაკიძისთვის იარაღისა და ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს. ლაშა ვაშაკიძე ნარკოდანაშაულშია ბრალდებული, რომელსაც სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსიაშვილი ხვალ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მისივე თქმით, სამართალდამცველების არაკანონიერი ქმედების დამადასტურებელ მტკიცებულებებს წარადგენს.

როგორც ადვოკატმა პირველ არხს განუცხადა, შემთხვევა გასულ წელს, დიღმის მასივში მოხდა, რა დროსაც მისი თქმით, ნასამართლევ ვაშაკიძეს დიდი ოდენობით ნარკოტიკი და ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს. მოსიაშვილის განცხადებით, დაკავებას და ნარკოტიკის ჩადებას არაერთი პირი შეესწრო და ამ დროისთვის მოწმეთა დადგენა მიმდინარეობს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ მას პირველი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სამართალდამცველები ქვეყნის დატოვებას აიძულებდნენ ან დაკავებით ემუქრებოდნენ. ლაშა ვაშაკიძემ ოჯახი შექმნა, ჰყავს ერთი წლის შვილი და არ წავიდა ქვეყნიდან, რადგან არანაირ კანონდარღვევას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, სამართალდამცველებმა მუქარა შეასრულეს და დააკავეს, რა დროსაც ნარკოტიკის და იარაღის ჩადება მოხდა. არსებობენ მოწმეები და არსებობს მტკიცებულებები, რომ არც ნარკოტიკთან და არც იარაღთან ვაშაკიძეს შეხება არ ჰქონია.
ვაშაკიძე ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს. ჩვენ კი, სააპელაციო სასამართლოში ვიწყებთ ბრძოლას სამართლიანობის აღდგენისთვის“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ვაშაკიძის გამამტყუნებელი განაჩენი გასაჩივრებულია და საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 23 მარტს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. ადვოკატის პრესკონფერენცია საადვოკატო ბიუროში ხვალ, 12:00 საათზე გაიმართება.