გაგი მოსიაშვილი - ოთარ ფარცხალაძე ადასტურებს ლევან ყიფიანის მიერ ჩვენებასა და საჯარო კომენტარებში გავრცელებულ ინფორმაციას
გაგი მოსიაშვილი - ოთარ ფარცხალაძე ადასტურებს ლევან ყიფიანის მიერ ჩვენებასა და საჯარო კომენტარებში გავრცელებულ ინფორმაციას

ლევან ყიფიანის მიერ მიცემული ჩვენება იქნება თუ კომენტარები, რომელიც გაკეთდა, რეალურად ვადასტურებთ იმ ინფორმაციას, რომელიც გავრცელდა ყიფიანის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გაგი მოსიაშვილმა ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რამდენიმე წელია, ოთარ ფარცხალაძის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს.

„ბოლო პერიოდში უფრო გართულდა და მედიასიუჟეტებში ვრცელდება აბსოლუტურად ცრუ ინფორმაცია, რაც ოთარ ფარცხალაძეს როგორც ბიზნესმენს, რიგით მოქალაქეს, ყოფილ საჯარო მოხელეს ზიანს აყენებს. ჩვენ მზად ვართ, კანონიერი და სამართლებრივი ფორმით დავიცვათ და წარმოვადგინოთ ფარცხალაძის ინტერესები. მიზანშეწონილად ვთვლით, რომ წარმოგიდგინოთ დოკუმენტები, რაც ფარდას ახდის იმ ცილისწამებას, რაც ვრცელდება ფარცხალაძის მიმართ“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

რაც შეეხება წყნეთში შეძენილ უძრავ ქონებას, გაგი მოსიაშვილის თქმით, მისმა ყოფილმა მესაკუთრემ, იოსებ დოლიძემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა შესაბამისი ანაზღაურებით მის საკუთრებაში არსებული ქონება.

„ამის შემდგომ ხდება მიწის მესაკუთრე ვინმე დავით მამულაიშვილი, რომელიც ამ მიწასთან დაკავშირებით აგრძელებს სამუშაოებს, აშენებს საცხოვრებელ სახლს. ერთი წლის თავზე უკვე მამულაიშვილი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ასხვისებს და ამ შემთხვევაში უკვე ბატონი ოთარ ფარცხალაძე ხდება მესაკუთრე. სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, შესაბამისი თანხით აქვს გასხვისებული დავით მამულაიშვილს. თავად აღნიშნული ბინის დაპროექტება განხორციელებული არის დავით მამულაიშვილის მხრიდან. უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ კარგი და საინტერესო პროექტია. ამ სიტუაციის შემდგომ ჩვენ დავინტერესდით და ვნახეთ მონაყოლი ამბავი, ვითომდა ეს საცხოვრებელი ბინა არის რაღაცა არასწორი და ფანჯრები რომ არ აქვს, ეს არის რეალურად სიცრუე, ეს არის ღია, თანამედროვე დიზაინით, ნათელი, კომფორტული საცხოვრებელი ფართი“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

მისი თქმით, საჯარო რეესტრში არის შესაბამისი ხელშეკრულებები ნასყიდობასთან დაკავშირებით.

„ოთარის მიერ შესაბამისი ანაზღაურებით შეძენილ იქნა აღნიშნული მიწის ნაკვეთი. მამულაიშვილი თავის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ახორციელებს მშენებლობას, ხელშეკრულება აქვს არქიტექტორთან, რომელსაც დააგეგმარებინა ეს საცხოვრებელი და დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ხდება რეალიზაცია. რაც შეეხება დაჯარიმებას, სამშენებლო პროცესში დაჯარიმებული არის ​მამულაიშვილი და მას გადახდილი აქვს ეს თანხა. გთხოვთ, სწორად იყოს მიწოდებული ინფორმაცია, რათა არ მოხდეს ადამიანების დისკრედიტაცია, როგორც ამას ჰქონდა ადგილი. დაახლოებით ერთწლიანი შუალედია, როდესაც მამულაიშვილი არის მესაკუთრე, შემდეგ მან მიიღო გადაწყვეტილება გასხვისებაზე და ნასყიდობის ხელშეკრულებით მიიღო თანხა“, – აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

კითხვაზე, რა თანხებით შეიძინა ოთარ ფარცხალაძემ უძრავი ქონება, გაგი მოსიაშვილმა აღნიშნა, რომ მისი კლიენტი დაახლოებით ხუთი წელია, ბიზნესშია, ხოლო ქონება 2017 წლის დეკემბერშია ნაყიდი.

„მაგალითისათვის, მინდა გითხრათ, რომ არის ერთ-ერთი კომპანია „ელბიტი“. ამ შემთხვევაში, ის კომპანიაა, რომელიც „ბოინგის“ დეტალებს უშვებს. ეს არის ის შემთხვევა, რომლითაც ბატონი ოთარი ამაყობს ამ პროექტით. ეს არის ქართულ-ებრაული კომპანია, რომელიც საკმაოდ წარმატებულია. ეს არის ის, როდესაც სწორი მენეჯმენტის პირობებში შესაძლებელია, დააგროვო თანხა. ფარცხალაძის კონკრეტულ თანამდებობასთან დაკავშირებით აუცილებლად დავაზუსტებ, რომ არ შემეშალოს და მოგვიანებით გეტყვით. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესპროექტი. ძირითადად, არის მისი შემოსავლის წყარო. საჯარო მოხელის თანამდებობის დატოვების შემდგომ წავიდა ის ბიზნესში“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

კითხვაზე, რა ურთიერთობა აქვთ ლევან ყიფიანსა და ოთარ ფარცხალაძეს, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, რომ ლევან ყიფიანთან ოთარ ფარცხალაძეს აქვს ნორმალური მეგობრული ურთიერთობა.

„იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მწარმოებელ ორგანოს ექნება კითხვები, მზად ვართ, გამოძიების კითხვებს გავცეთ პასუხები. ბატონი ლევან ყიფიანის მიერ მიცემული ჩვენება იქნება თუ კომენტარები, რომელიც გაკეთდა, რეალურად ვადასტურებთ იმ ინფორმაციას, რომელიც გავრცელდა ყიფიანის მხრიდან. ზოგადად, მეგობრები ერთმანეთთან რომ რეკავენ, ეს არ არის ახალი“, – აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა.