გაგი მოსიაშვილი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან წინასწარ საზოგადოებრივი აზრის შექმნა,  რომ მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობა დადასტურებულია, არ არის სწორი სამართლებრივი შეფასება
გაგი მოსიაშვილი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან წინასწარ საზოგადოებრივი აზრის შექმნა,  რომ მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობა დადასტურებულია, არ არის სწორი სამართლებრივი შეფასება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან წინასწარ საზოგადოებრივი აზრის შექმნა, რომ მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობა დადასტურებულია, არ არის სწორი სამართლებრივი შეფასება, – ამის შესახებ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ჩოლოიანის წინააღმდეგ, გამოძიებას ამ დრომდე მხოლოდ ერთი პირის ჩვენება აქვს და სხვა მტკიცებულებები არ გააჩნია.

„სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში, სიმართლე მხოლოდ ის არის, რომ დასრულდა გამოძიება. გარდა ამისა, განცხადებაში არცერთი სამართლებრივი გარემოება არ დასტურდება ჩატარებული გამოძიებით. არ დასტურდება არც მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობა ორთვიანი გამოძიების თავზე, იგივე დარჩა მისთვის ბრალის წარდგენის სახელმძღვანელო. წინასწარ საზოგადოებრივი აზრის შექმნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან, რომ მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობა დადასტურებულია, ეს არ არის სწორი სამართლებრივი შეფასება“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქმესთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში გადაიგზავნა.

ბრალდებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის 19 დეკემბერს შეუფარდა. ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლინიკაში გაიმართა.