„გაერთიანებული ოპოზიციის“ ზუგდიდის შტაბში აცხადებენ, რომ ხელისუფლება მათ წინააღმდეგ „ფეიკნიუსების“ კამპანიას აწარმოებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში „გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო შტაბი დაიხურა.
მარინა ქორთუშვილი, რომლის სახლშიც შტაბი იყო განთავსებული, საქართველოს პირველ არხთან ამბობს, რომ ქირის სახით დაჰპირდნენ 500 ლარს, თუმცა მხოლოდ 100 ლარი გაუგზავნეს. მან ეს თანხა უკან დაუბრუნა და ოთახი დააცლევინა.
ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 ადამიანმა დატოვა ოპოზიციური გაერთიანება დატოვა.
„გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელმა, მურთაზ ზოდელავამ ამ თემაზე სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ხელისუფლება „ფეიკნიუსების“ კამპანიას აწარმოებს. ზოდელავა უარყოფს ინფორმაციას, რომ პარტია 30 ადამიანმა დატოვა. მისი თქმით, სულ ორ ადამიანზეა საუბარი და არც ისინი არიან პარტიის წევრები.
ზოდელავას განცხადებით, გუბერნიის შენობა, სუს-ის შენობა, სამხარეო პოლიციის შენობა გადაიქცა „ქართული ოცნების“ შტაბებად. მან მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეს საკითხი შეისწავლონ.
ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა. მისი თქმით, ახლოვდება არჩევნები, იზრდება მათი მომხრეების რაოდენობა და სწორედ ამიტომ გამოჩნდა „ფეიკნიუსები“. რულოვსის განცხადებით, ხელისუფლება პანიკაშია.