მურთაზ ზოდელავა - მივმართავ „ქართულ ოცნებას“, „კარუსელს“ კი არა, ერთ სკამს ვერ დაატრიალებთ ვერც ერთ საარჩევნო ოლქში
მურთაზ ზოდელავა - მივმართავ „ქართულ ოცნებას“, „კარუსელს“ კი არა, ერთ სკამს ვერ დაატრიალებთ ვერც ერთ საარჩევნო ოლქში

„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება, რასაც მათი პოლიტიკური ძალა არ დაუშვებს. ზოდელავას მტკიცებით, იდენტიფიცირებული ჰყავთ ყველა ის პირი, რომლებიც გამზადებული არიან ე.წ. კარუსელისთვის.

„ფოთში ჩვენმა საარჩევნო შტაბმა გამოავლინა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც არიან მიწერილი სხვის საცხოვრებელ ფართებზე, ოჯახებში, სადაც მათ არ იცნობენ, მათი სახელი, გვარი არ გაუგიათ და ეს ხალხი არის გამზადებული მასალა „კარუსელისთვის“. ამიტომ, ჩვენმა შტაბმა ძალიან დეტალურად იმუშავა.

მადლობას ვუხდი ჩვენს შტაბს. აბსოლუტურად ყველა ეს ადამიანი არის იდენტიფიცირებული, მათი ფოტოებიც მოპოვებული გვაქვს და ყველა მათგანს ველოდებით იმ საარჩევნო უბნებთან, სადაც არიან მიწერილი ხელოვნურად, „კარუსელის“ დასატრიალებლად. მინდა, მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“ და მივმართო მათ – თქვენ „კარუსელს“ კი არა, ერთ სკამს ვერ დაატრიალებთ ვერც ერთ საარჩევნო ოლქში. ყველა იდენტიფიცირებულია, ყველას ნამდვილი ვინაობა, მისამართები დადგენილია. ყველა მათგანს საარჩევნო უბნებში მიუშვერთ კამერებს, ფეისბუქლაივებს, მთელი საქართველო დაინახავს ამ ადამიანების სახეებს. მერე აუხსნან თავიანთ მეზობლებს, ნათესავებს, თუ რატომ იყვნენ ჩართულნი ამ დანაშაულებრივ სქემაში. მათაც მოვუწოდებ – „ქართული ოცნება“ დასრულებულია, ნუ მისცემთ საშუალებას, გამოგიყენონ თქვენ, როგორც შავი მასალა. ყველაზე სამარცხვინო როლში ნუ ჩადგებით. ვერანაირი „კარუსელები“ ვერ დატრიალდება. იგივე მიდგომა ხდება ყველა ოლქში, ყველა რაიონში. ჩვენი შტაბები გადასული არიან განსაკუთრებულ რეჟიმზე“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.