გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო ცვლილებებზე საკუთარ წინადადებებს აგვისტოს ბოლომდე წარადგენს
გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო ცვლილებებზე საკუთარ წინადადებებს აგვისტოს ბოლომდე წარადგენს

გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდს საკუთარ წინადადებებს აგვისტოს ბოლომდე წარუდგენს.

როგორც საქართველოს პირველ არხს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ წინადადებებს არ გაიზიარებს, გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტში ალტერნატიულ კანონპროექტს შეიტანს.

ბეჟაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფორმატში  რამდენიმე საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, მათ შორის ანტირეკლამისა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების შესახებ.

„ყველა პოლიტიკური პარტია მნიშვნელოვან პროგრესად აფასებს იმას, რომ საზოგადოებამ პროპორციული არჩევნები მოიპოვა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა, მაგრამ არის საკითხები, რამაც არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება უნდა უზრუნველყოს. მათ შორისაა ის, რომ საარჩევნო კომისიებში პარიტეტული პრინციპის საფუძველზე ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თითო-თითო წევრი უნდა დანიშნოს. ასევე, ანტირეკლამის 25 პროცენტამდე შეზღუდვასა და მაუწყებლობის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაზე არ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, რადგან ეს მნიშვნელოვანი შეზღუდვა იქნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის. ეს საკითხები შეუთანხმებელია”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დღეს დაახლოებით ცხრა საათია მიმდინარეობს. ოპოზიცია, ხელისუფლება და სამოქალაქო სექტორი „საარჩევნო კოდექსში“ უმრავლესობის მიერ მომზადებულ ცვლილებებზე მსჯელობენ.