ფუტკრებს ციფრების აღქმა შეუძლიათ - ახალი ექსპერიმენტი
ფუტკრებს ციფრების აღქმა შეუძლიათ - ახალი ექსპერიმენტი

კიდევ ერთი მიზეზი გჭირდებათ ფუტკრების შესაყვარებლად? ყვავილების მეგობარი ეს ციცქნა არსებები თავს ართმევენ არა მხოლოდ საბაზისო არითმეტიკას, არამედ, როგორც მეცნიერებმა ახლახან აღმოაჩინეს, მათ შეუძლიათ ამოიცნონ ციფრებთან დაკავშირებული სიმბოლოები.

ზუსტად ისე, როგორც ადამიანები სცნობენ, რომ სიმბოლო 7 ან VII დაკავშირებულია შვიდის ოდენობასთან, სავარაუდოდ, ფუტკრებსაც იგივე ასოციაცია უჩნდებათ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფუტკრები იგებენ არა მხოლოდ ოდენობას, მიმატებასა და გამოკლებას, არამედ ამ კონცეპტებისთვის აღიქვამენ სიმბოლოების ენასაც.

მკვლევარ ადრიან დაიარის განცხადებით, ბავშვობაში ნასწავლი ციფრები სამუდამოდ გვამახსოვრდება, მაგრამ იმის გაანალიზება, თუ რას წარმოადგენს სინამვილეში „4“, საჭიროა გონებრივი შესაძლებლობის საკმაოდ მაღალი დონე.

მისივე თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ სიმბოლოების ციფრებთან დაკავშირების სწავლა პრიმატებსა და ფრინველებსაც შეუძლიათ. თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ეს უნარი მწერებშიც შევნიშნეთ.

მეცნიერები აქამდეც ეჭვობდნენ, რომ ეს შესაძლებელი იყო. ფრთხილი ექსპერიმენტების შედეგად მათ დაადგინეს, რომ ძალიან საბაზისო არითმეტიკის გამოყენებისთვის, მიმატებისა და გამოკლების შესასრულებლად, ფუტკრებს სიმბოლოების აღქმა აქვთ.

წინა კვლევებიდან უკვე ვიცით, რომ ფუტკრებს შეუძლიათ კომუნიკაციაც, რისთვისაც „რხევებით ცეკვას“ იყენებენ, რათა სხვა ფუტკრებს ნექტარის ადგილმდებარეობის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია.

თუმცა, ახალმა კვლევამ ერთი ნაბიჯით უფრო წინ წაიწია და პირველად ისტორიაში, აჩვენა, რომ ადამიანების, შიმპანზეებისა და მტრედების მსგავსად, უხერხემლოებსაც შეუძლიათ მათემატიკის ენის გაგება და გამოყენება.

მკვლევრებმა გამოიყენეს სისტემა, რომლითაც წარსულში დაადგინეს, რომ მტრედები რიცხვით სიმბოლოებს ცნობდნენ. გამოგონილი სიმბოლოები სიმრავლის მიხედვით Y-ს ფორმის ლაბირინთში მოათავსეს.

შემდეგ ფუტკრებს ამ ლაბირინთში შეფრენა ასწავლეს, სადაც ისინი სტიმულს ხედავდნენ — სიმბოლოს ან ფოტოს, რომელზეც ორი ან სამი სხვადასხვა ფორმა იყო გამოსახული. შემდეგ ისინი შეფრინდებოდნენ „გადაწყვეტილების“ კამერაში. იქ კი მათ ორი პარამეტრი ელოდებოდათ.

როცა თავდაპირველად მათ ნიშანს აჩვენებდნენ, შემდეგი ორი პარამეტრი წარმოადგენდა ორი ფორმის ფოტოსა და სამი ფორმის ფოტოს. ამის შემდეგ მათ უნდა ამოერჩიათ ფორმების ზუსტი ციფრი, რომელიც ნიშანს დაემთხვეოდა. როცა თავდაპირველად ფუტკრებს ფორმების ციფრებს აჩვენებდნენ, ორი პარამეტრი ორი განსხვავებული ნიშანი უნდა ყოფილიყო და მათ ნიშნის ციფრი უნდა დაემთხვიათ ნანახისთვის.

თუ ფუტკრები სწორად აირჩევდნენ, N-ის ფორმის ნიშანს ორ საგანს დაამთხვევდნენ და გადმოტრიალებულ T-ს სამ საგანს, ჯილდოს სახით შაქარს აძლევდნენ, არასწორი პასუხის შემთხვევაში კი უსიამოვნო გემოს მქონე ქინინს.

50 ცდის შემდეგ, ფუტკრები თანდათან სწორად ამთხვევდნენ ნიშნებს ციფრებს, დაახლოებით 75-პროცენტიანი სიზუსტით. ამის შემდეგ, მეცნიერებმა ფუტკრები ახალ ფერებზე, მახასიათებლებსა და ფორმებზე შეამოწმეს, რათა დაედგინათ, ფუტკრები ციფრებს სიმბოლოებს ამთხვევდნენ თუ მთლიან ფოტოს.

ფუტკრებმა სიმბოლოები მაინც ფოტოზე ასახულ ციფრების ფორმებს დაამთხვიეს.

თუმცა, ფუტკრებმა თავი ვერ გაართვეს ამ პროცესის შებრუნებულ ვერსიას. მეცნიერთა განცხადებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ სიმბოლოების დამუშავება და აღქმა ფუტკრების ტვინის სხვადასხვა რეგიონში ხდება.

ეს კვლევა სულაც არ მეტყველებს იმაზე, რომ ფუტკრებს თავად რაოდენობაში ჩაწვდომა შეუძლიათ — მათ უბრალოდ ძალუძთ, რაოდენობა დაამთხვიონ სიმბოლოს.

ერთ მშვენიერ დღესაც, მსგავსი მიგნებები შეიძლება, ფუტკრებთან კომუნიკაციაში დაგვეხმაროს.

კვლევა ჟურნალ Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია rmit.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.