ინგლისში ლიგის თასის გათამაშების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. სენსაცია მოხდა “ოლდ ტრაფორდზე”: “დერბი ქაუნთიმ“, რომელსაც დებიუტანტი მწვრთნელი, “ჩელსის” ლეგენდა ფრენკ ლამპარდი ავარჯიშებს, ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედი” გამოთიშა ბრძოლას. შეხვედრა 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი “დერბიმ” 8:7 მოიგო.
მანჩესტერელთა რიგებში გოლები გაიტანეს ხუან მატამ და მარუან ფელაინიმ, სტუმრების მხრიდან თავი გამოიჩინეს ჰარი უილსონმა და ჯეკ მერიოტმა.
აღსანიშნავია, რომ “იუნაიტედი” 67-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდა, რადგან მოედნიდან მეკარე სერხიო რომერო გააძევეს.
11-მეტრიანების სერიაში გადამწყვეტი აღმოჩნდა მასპინძელთა მცველის ფილ ჯონსის შეცდომა.