ლიტერატურამ მკითხველის თავისებური პროვოცირება უნდა მოახდინოს, სხვა შემთხვევაში, რატომ უნდა შევწუხდეთ და დავწეროთ რამე, – ამის შესახებ ფრანგმა მწერალმა, ფრედერიკ ბეგბედერმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალ დღეში“ განაცხადა.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი თქვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით აპოკალიფსის დღეებში. ჩვენ არ ვიცით, ათი წუთის შემდეგ ცოცხლები ვიქნებით თუ არა, უნდა ვისიამოვნოთ ყოველი წამით. წინააღმდეგობის საუკეთესო გზა გახლავთ სიცოცხლის გაგრძელება, თავისუფალი სიცოცხლის. ეს ერთადერთი გზაა, უარი ვუთხრათ სამყაროს დასასრულს, ისე გავაგრძელოთ ცხოვრება, თითქოს ყველაფერი ნორმალურია, დემოკრატია, თავისუფლება, ეს არის სიცოცხლის გზა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიცოცხლე, ვილაპარაკოთ ლიტერატურაზე. ჩემი სამუშაო გახლავთ, აღვწერო მსოფლიო და მსოფლიო რაც უფრო ჭკუიდან იშლება, მით უფრო მეტი სამუშაო მაქვს“, – განაცხადა ბეგბედერმა.
ბეგბედერის განცხადებით, მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანაა, სადაც მწერლები თავისუფლები არიან, დედამიწის უმეტეს ადგილებში კი მწერლებს წერის უფლება არ აქვთ. მისივე, თქმით, გაუმართლა, რომ აქვს შესაძლებლობა, თავისუფლად წეროს და რომანები გამოაქვეყნოს.
„წიგნი ცვლის სამყაროს? არ ვიცი. ზოგჯერ შეიძლება, მკითხველს თვალები აუხილო. ისინი კითხულობენ ამბავს და შეიძლება, გამოფხიზლდნენ, გამოიღვიძონ. მე მინდა, ასე ვთქვათ, ცოტათი შევანჯღრიო მკითხველი. კაფკამ თქვა: „წიგნი არ უნდა დაწერო, თუ ვიღაცას თავისებურად ტკივილს არ მიაყენებს“. მან რეაქცია უნდა შექმნას. ლიტერატურამ მკითხველის თავისებური პროვოცირება უნდა მოახდინოს. სხვა შემთხვევაში, რატომ უნდა შევწუხდეთ და დავწეროთ რამე“, – აღნიშნა ბეგბედერმა.
როგორც ბეგბედერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომ ადამიანები თავისუფლად საუბრობენ ტელევიზიაში, პირდაპირ ეთერში.
„აქ ყველგან ვხედავ უკრაინულ დროშას, რაც პასუხისგებით მავსებს, როგორც თავისუფალ მწერალს, რომელიც ჩამოვიდა თქვენს ქვეყანაში, რათა მხარი დაეჭირა დემოკრატიისთვის. ევროპის ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია, ილაპარაკო თავისუფლად. მე ვარ ტელევიზიაში, პირდაპირ ეთერში და შემიძლია, ვთქვა, რაც მსურს. ეს არის წარმატება, ჩვენ გაგვიმართლა, რომ თავისუფლად ვისაუბროთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე არ მეშინია არცერთი კითხვის, რადგან თავისუფალი პიროვნება ვარ. კითხვები გახლავთ ჩემი სამუშაო, ჩემი წიგნები სულ კითხვებს სვამს“, – განაცხადა მწერალმა.
ბეგბედერის თქმით, მისი მეუღლე თბილისში ფოტოფესტივალზე მოიწვიეს და თავადაც გამოყვა, რადგან მოსწონს თბილისი.
„ის მოწვეულია თბილისში, ფოტოგრაფიის ცნობილ ფესტივალ „ქოლგაზე“. იგი პირველი დაპატიჟეს და გამოვყევი მას. ის გამოფენს თავის ნამუშევრებს „სტამბას“ სასტუმროში კვირას, 17:00 საათზე. გახსნა იქნება ძალიან ამაღელვებელი. მე ვუთხარი: შეიძლება, თბილისში წამოგყვე? რადგან მომწონს თბილისი. საბოლოოდ, ერთად ჩამოვედით და ეს ბრწყინვალეა“, – განაცხადა ბეგბედერმა.
მისივე თქმით, ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს და კონტაქტი აქვს ქართველებთან.
„მე კონტაქტი მაქვს ხოლმე ქართველებთან, როდესაც საფრანგეთში ჩამოდიან. მე თქვენს პრეზიდენტსაც კი შევხვდი, რომელიც ფრანგულად ლაპარაკობს. რამდენიმე ქართველი მეგობარი მყავს, რომლებიც ჩამოდიან. მე კონტაქტი მაქვს თქვენს ქვეყანასთან. სამწუხაროდ, მე ამ დრომდე არ ვიცი ქართული, ხაჭაპურის გარდა. ხაჭაპური ჩემთვის გახლავთ პასუხი ყველა პრობლემაზე. როდესაც აპოკალიფსი, ომი მიმდინარეობს, ხაჭაპური გახლავთ ჩემი სიმბოლო, წინააღმდეგობის მექანიზმი“, – აღნიშნა ბეგბედერმა.
ბეგბედერმა ასევე ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს ეშინია ხალხის, რომლებიც საკუთარ აზრს გამოხატავენ.
„ჩვენ ვსაუბრობდით დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე – ეს გახლავთ პუტინის მტერი. მას ეშინია ხალხის, ვისაც სურს გამოხატოს საკუთარი აზრები. მე არ ვიცი, რატომ ეშინია ამის. მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს რუსეთში, მიყვარს რუსული ლიტერატურა, მუსიკა, ფილმები. არ ვიცი, რა ხდება. შეიძლება, მწერლის სამუშაოა, როდესაც მათ არ ესმით, თქვას, რომ ზოგჯერ აუხსნელია სამყარო, მსოფლიო. არ ვიცი, რატომ არის ასეთი აგრესიული, რატომ კლავს ათასობით ადამიანს, ქალებს, ბავშვებს. რატომ? აზრი არ აქვს ამ მკვლელობებს. ჩვენ ვართ 21-ე საუკუნეში და უცებ დავბრუნდით მეოცე საუკუნეში. თითქოს, დროში ვიმოგზაურეთ. როდესაც ვხედავ სურათებს, ეს მოხდა მანამდე საქართველოში, ახლა ხდება უკრაინაში. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ, როგორც ხელოვნების წარმომადგენლებმა, აღვწეროთ, რასაც ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაც ხდება ძალიან საშინელი და ძალადობრივი. აზრი არ აქვს ქალაქების განადგურებას, რათა მოხვდე ქალაქში. მხოლოდ ნანგრევებს ტოვებ, მკვდარ ადამიანებს ტოვებ, შედიხარ ქალაქში და აცხადებს – ჩემი ქალაქია. ამას აზრი არ აქვს, აბსურდია. მსოფლიო აბსურდულია და როგორც რომანისტმა, მე უნდა აღვწერო მსოფლიო“, – აღნიშნა ბეგბედერმა.
რაც შეეხება პანდემიის გავლენას ყოფით ცხოვრებასა და ლიტურატურაზე, ბეგბედერმა განაცხადა, რომ პანდემია შემაშფოთებელი იყო მომავლისათვის.
„ფაქტობრივად მივიღეთ სიტუაცია, როდესაც მომავლის გვეშინია და არ ვიცით, მომავალი გვექნება თუ არა. როდესაც ვიღაც გემუქრება, რომ ბირთვულ ბომბს ჩამოაგდებს, ეს ასევე არის სიტუაცია, როდესაც არ გაქვს მომავალი“, – აღნიშნა ბეგბედერმა.
ბეგბედერის თქმით, მისი წიგნი მოიცავს ნოსტალგიურ აზრებს, მასში ის დროა აღწერილი, „როდესაც მომავალი გვქონდა“.
„ჩემი ახალი რომანი არის დაბრუნება სამყაროში, მსოფლიოში, რომელიც იყო წარსულში. თითქოს წარსული იყო უტოპია. ჩვენ არ გვაქვს იმედი, გარდა იმისა, რომ წარსულს დავუბრუნდეთ, ამ ბედნიერების პერიოდს, როდესაც პატარა ვიყავი, მაშინ მომავალი მქონდა“, – დასძინა ბეგბედერმა.