ვასილ მაღლაფერიძე - როდესაც განათლების რეფორმაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, როგორ ვასწავლით
ვასილ მაღლაფერიძე - როდესაც განათლების რეფორმაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, როგორ ვასწავლით

როდესაც განათლების რეფორმაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, როგორ ვასწავლით, – ამის შესახებ ფილოლოგმა ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალ დღეში“ განაცხადა.

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ბევრი პედაგოგი მიიჩნევს, რომ სწავლების მეთოდოლოგია, რომელიც კლიშეებით აზროვნებას გულისხმობს, არ არის სწორი.

„ბევრი მასწავლებელი, გონიერი მასწავლებელი საუბრობს, რომ მეთოდოლოგია, რომლითაც ჩვენ ვასწავლით, არ არის სწორი. ყოველგვარი უტრირებისა და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გეტყვით, რატომ. ეს არის კლიშეებით აზროვნება. არ გვინდა, მაშინვე კომუნისტურ სისტემის გახსენება, თუმცა შეიძლება, მართლაც ამ წყობიდან მოდის. ადამიანი იზრდებოდი, თითქოს გასწავლიდნენ თავისუფალ აზროვნებას ლიტერატურაზე, მაგრამ გეუბნებოდნენ, რომ სიტყვაზე ნესტანი არის კარგი, ის არის ცუდი. შემდეგ შენ წერდი თემას. საქართველოში არის წერითი აზროვნების დიდი დეფიციტი. ეს იცის ყველა მასწავლებელმა. ეს იცის ყველა გამოცდილმა ადამიანმა. თითქოს ადამიანი კარგად აზროვნებს, ნიჭიერია, მაგრამ თემას ვერ წერს. ვერ წერ იმიტომ, რომ შენ უნდა დაწერო დახასიათება, თან, ამ დროს, ყველაფერი ნათელია, დადებითია. უკვე წინასწარ ვიცით, რა უნდა დაიწეროს. სწავლება მთლიანად ამაზე იყო აგებული. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ბავშვმა ლიტერატურით ტკბობა იცოდეს. მუსიკას რატომ უსმენ? ბევრი რამის გამო შეიძლება უსმინო, მაგრამ უნდა მოგწონდეს, უნდა რაღაცას გრძნობდე, რომ არ იყოს ლიზღიერი და უკულტურო საზოგადოება“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, წინასწარ შექმნილი კლიშეების გამო, მოზარდმა საკუთარი აზრის გადმოცემისგან სიამოვნების მიღების უნარი დაკარგა.

„ლიტერატურის შეგრძნებას ვერაფერი შეცვლის. მეორეა, რომ თავისუფალი აზროვნებაც უნდა ვისწავლო. დამიტოვე უფლება, რომ მე ვიფიქრო და მაშინ ეს საინტერესო იქნება. შენ თუ თავიდანვე დამშტამპავ და მე ვიწყებ შუშანიკის დახასიათების წერას, რომელიც არის იდეალური გმირი, შეუძლებელია, რომ ეს დახასიათება დავწერო. მთლიანად შუშანიკი არის დახასიათება, რომელიც იაკობ ხუცესმა დაწერა, შენ რაღა უნდა დაწერო?! ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, რაზე უნდა ვწეროთ, რაზე უნდა ვაწერინოთ ბავშვებს? თხზულება ფაქტობრივად განიდევნა სკოლიდან. ამის გარეშე კი ლიტერატურას ვერ სწავლობ. ბავშვმა დაკარგა სიამოვნების უნარი, რომ თვითონ გადმოსცეს საკუთარი აზრი, თვითონ ისაუბროს. ეს ხომ არ გგონიათ, რომ ახლა დაიწყო, ჩემს დროსაც იყო თემები, რომლებსაც წლიდან წლამდე კლასებში იწერდნენ, მერე ამ თემებს წერდნენ უმაღლესში, მერე ბრუნდებოდა სკოლებში და ერთი და იგივე იყო – იდეალური გმირები, ქალთა სახეები, დადგენილი იყო. აბა, ერთი რამე გაგებედა და სხვანაირად გეთქვა. ავთანდილზე რომ გეთქვა, არ მომწონსო, დაიბნეოდნენ, შეიძლება, ფსიქოლოგთან წაეყვანეთ. ყველამ ვიცით, რომ ავთანდილი კარგია, ვთქვათ, მე ვთქვი, რომ არ არის ავთანდილი კარგი, წარმოგიდგენიათ?“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, ასევე აღსანიშნავია, რომ ტესტებით ლიტერატურა არ ისწავლება.

„თქვენ შეიძლება, მთლიანად კარგად გახსოვთ და ზეპირად იცით ყველაფერი, მერე რა?! ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ლიტერატურის ცოდნას. ფანტასტიკის ჟანრის ერთ-ერთ რომანში გენიალური პასაჟიამარსიანელი ჩამოვიდა, დედამიწას სწავლობს, ნახა ყველაფერი, აუხსნეს რა არის საჭმელი, წყალი, შემდეგ კონცერტზე მიიყვანეს და მუსიკა მოასმენინეს, ვერ მივხვდიო, თქვა. მერე მოითხოვა, ვიოლინო მანახეთო, დაშალა ვიოლინო, ისევ ააწყო და თქვა, მივხვდი რაცაა მუსიკაო. მეტი არ არის ჩემი მტერი, ის რამეს იყო მიხვედრილი. როდესაც რეფორმაზე ვსაუბრობთ, რეფორმა არ არის მხოლოდ ხელფასის მომატება, ეს თავისთავად კარგია, გათბობა, საცურაო აუზები და კვებაც სკოლაში, მაგრამ კიდევ მნიშვნელოვანია, როგორ ვასწავლით. ყველა საგანი მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთ-ერთი არის ლიტერატურა. მათემატიკა უნდა რაციონალური აზროვნებისთვის, დიდი ფანტაზიის განვითარებისთვის. ლიტერატურა უნდა მშვენიერების აღქმის უნარისთვის. ეს მიზანი უნდა გვქონდეს უპირველეს ყოვლისა, როდესაც სკოლაში ვასწავლით“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.