ვლადიმერ გუცაევს შემადგენლობა და განლაგება არ მოეწონა - მაქსიმალურად კრიტიკულები უნდა ვიყოთ, საქმე რომ გაკეთდეს
ვლადიმერ გუცაევს შემადგენლობა და განლაგება არ მოეწონა - მაქსიმალურად კრიტიკულები უნდა ვიყოთ, საქმე რომ გაკეთდეს

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა და გადაცემა „ტაიმაუტის“ თანაწამყვანმა  ვლადიმერ გუცაევმა ერთა ლიგის მეორე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრა შეაფასა და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვალდიმირ ვაისი მკაცრად გააკრიტიკა.

„მე არც შემადგენლობა მომეწონა და არც განლაგება. ჩვენ ფლანგებიდან უნდა შეგვეტია, რადგან გვყავს სწრაფი ფორვარდი კვარაცხელია და მარცხნიდანაც მსგავსი მოთამაშე უნდა ყოფილიყო. ამ დროს იქ დააყენა დავითაშვილი, რომელიც უფრო ცენტრალუ რი ნახევარმცველის პოზიციის მოთამაშეა. პლეიმეიკერის ადგილას ოქრიაშვილი იყო და ესეც ძალიან გამიკვირდა. ოქრიაშვილი ჩემთან თამაშობდა და მას არ აქვს პლეიმეიკერის თვისებები, მაგრამ მარცხნიდან ძალიან სასარგებლო და მწვავე მოთამაშეა. თუ ამ პოზიციაზე მოთამაშე გინდა, დააყენე ჩაკვეტაძე, ვინც ნელ-ნელა ფორმაში შედის. 10 წუთი გამოვიდა და ბურთი არ დაუკარგავს. კი ის ძველებურ ფორმაში არაა, მაგრამ „დ“ დივიზიონში გიორგიმ მოგვაგებინა. გამოჩნდა კიდეც, რომ ამ შემადგენლობით და ამ განლაგებით სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ“, – ამბობს ვლადიმერ გუცაევი.

პირველი არხის საფეხბურთო ექსპერტის შეფასებით, მწვრთნელის მიერ თამაშის მიმდინარეობისას გაკეთებული შეცვლების შემდეგ დავითაშვილმა ფუნქცია დაკარგა:

„ერთადერთი ყველაზე სწორად რაც ამ მატჩში გავაკეთეთ, კვარაცხელია საჯარიმოში რომ შევარდა და პენალტი აიკიდა. ამის შემდეგ ჩვენებს კონტრშეტევებზე უნდა ეთამაშათ. მაგრამ კვარაცხელიას გარდა, ფაქტობრივად, კონტრშეტევის მოთამაშე არ გვყავდა. ქვილითაია არაა ის მოთამაშე, რომელიც ბურთს ზურგს უკან მოითხოვს – მას დიდი სისწრაფე არ აქვს. დავითაშვილი ნიჭიერია, მაგრამ მწვრთნელმა უნდა შეაფასოს, ამ დონეზე სათამაშოდ ფსიქოლოგიურად მზადაა? მეორე ტაიმში მოედანზე ფლანგის შემტევი შენგელია შემოიყვანა, ოქრიაშვილი ცენტრში დატოვა, დავითაშვილი კი ჯერ ბავშვია და ვერ გაიგო, სად უნდა ეთამაშა – მან ამ დროს როლი დაკარგა. ცენტრალური მცველი პლეიმეიკერის ადგილას ხომ არ შეიძლება დააყენო. კონკრეტულ პოზიციაზე ის უნდა იყოს, ვისაც ამ როლის თამაში შეუძლია. ჩვენმა მწვრთნელმა კი ვერ მონახა ის მოთამაშე, ვისაც მარცხენა ფლანგზე უნდა ეთამაშა. არადა, ჩაკვეტაძე უნდა დაეყენებინა“.

ადრე გუნდი ჩაკვეტაძეზე იყო დამოკიდებული, ახლა კვარაცხელიაზე და ხომ არ არის გუნდი მხოლოდ ერთ მოთამაშეზე დამოკიდებული – გუცაევმა ამ თემაზეც ილაპარაკა:

„როდესაც მწვრთნელი გუნდს ერთ მოთამაშეზე დამოკიდებულს ხდის, ეს არასწორია. მარცხნიდან შენგელია რომ დაეყენებინა, რომელმაც შარშან მშვენიერი თამაშები ჩაატარა, თამაშს საკუთარ თავზე მაგიც აიღებდა და თამაშს გაამწვავებდა და მხოლოდ კვარაცხელიაზე დამოკიდებული აღარ ვიქნებოდით. როდესაც მწვრთნელი აქცენტს მხოლოდ ერთ მოთამაშის დრიბლინგსა და სისწრაფეზე აკეთებს, რა თქმა უნდა, ყველა მის მოლოდინში იქნება და ჩვენც მაგაზე ვიქნებით დამოკიდებული“.

ვაისმა ამ უცნაური გადაჯგუფებით ბელარუსთან შეხვედრამდე ექსპერიმენტი ხომ არ ჩაატარა? ვლადიმერ გუცაევი ასეთ შეხედულებას კატეგორიულად არ ეთანხმება:

„ახლა ექსპერიმენტების დრო არაა. ვაისს ამის საშუალება შარშან, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის თამაშების პერიოდში ჰქონდა. იგივე გვილია რატომ არ იყო, არ ვიცი. როგორც დაიწერა, ის ჯანმრთელად იყო, პრობლემები არ ჰქონდა და ვარჯიშობდა, ერთ-ერთი გამორჩეულია არა მხოლოდ გუნდში, არამედ, მთელს ჩემპიონატში და რატომ არ უნდა გამოიყენო? მით უფრო, რომ მას ნაკრებში კარგი თამაშები ჩაუტარებია. ამ დროს, რატომ აყენებ ახლგაზრდა მოთამაშეს, რომელსაც ჯერ არაფერი არ დაუმტკიცებია – არ ვიცი“.

ქართული ფეხბურთის ოქროს თაობის თავდამსხმელმა ილაპარაკა, როგორ წარმოუდგენია ბელარუსთან ოპტიმალური შემადგენლობა და თამაში:

„მწვრთნელმა ის შემადგენლობა უნდა დააყენოს, რომელსაც საქმის კეთება შეუძლია და თამაში მოგაგებინოს. ამიტომ ვაისს ძალიან დიდი საფიქრალი აქვს, რვა ოქტომბერს რა შემადგენლობა დააყენოს. რა ფეხბურთს აჩვენებ, მეტოქეზეცაა დამოკიდებული – ესტონეთმა საშუალება მოგცა. მაგრამ უკეთესი შემადგენლობით დაკომპლექტებული გუნდი ჩამოვიდა – ჩრდილოეთ მაკედონიელებს ევროპის ცნობილი ლიგების მოთამაშეები ჰყავთ, გამოცდილები არიან და ესტონელებივით ადვილად არ გვათამაშეს. ბელარუსებთან ამიტომაა საჭირო ის ფეხბურთელები, ვისაც მათ წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. უნდა დაფიქრდეს, როგორ შეუტიოს. მაკედონიელებთან კიდევ ერთი შემტევი გარემარბი გვჭირდებოდა და შეტევას მცველებიც უნდა დახმარებოდნენ. კაკაბაძეს ამას ასე თუ ისე ახერხებდა. მალი კი მხოლოდ დაცვაში იყო და იქაც მისი შეცდომით გავუშვით. დღეს ფეხბურთი შეტევის სიძლიერეს და სისწრაფეებს ემყარება. ჩვენც ამაზე უნდა ვიფიქროთ“.

თუმცა, მისი თქმით, ის არაა პესიმისტი:

„მე რეალობაზე ვლაპარაკობ, რადგან ამ ფრეთი, შესაძლოა, ჯგუფში პირველი ადგილი დავკარგეთ. ახლა მაკედონია ესტონეთს მოუგებს და სახლში ჩვენთანაც მოგებას ეცდება და ერევანში სომხებთან რომ წააგოს, მაინც პირველზე გავა. ანუ ლაპარაკია იმაზე, რომ ახლა, შესაძლოა, ამ დაკარგული ქულებით მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს ვკარგავთ. მაქსიმალურად კრიტიკულები უნდა ვიყოთ, რომ საქმე გაკეთდეს. ასე ყველა დაფიქრდება, ფეხბურთელიც და მწვრთნელიც“.