ვლადიმერ გუცაევი - ბურთს თუ დავიჭერთ და სისწრაფეებზე შევუტევთ, ჩრდილოეთ მაკედონიას ძალიან გაუჭირდება
ვლადიმერ გუცაევი - ბურთს თუ დავიჭერთ და სისწრაფეებზე შევუტევთ, ჩრდილოეთ მაკედონიას ძალიან გაუჭირდება

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალ დღეში“ მაუწყებლის ექსპერტმა და „ტაიმაუტის“ თანაწამყვანმა, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა მოთამაშე ვლადიმერ გუცაევმა ტალინში გამრთული ესტონეთი – საქართველოს მატჩი შეაფასა.

„ძალიან კარგია, რომ ერთა ლიგა შედგა. მე ამ გათამაშებას ძალიან პოზიტიურად ვუყურებ. ყველას მოწყინდა დიდი გუნდებთან წაგება და ნეგატივი. ეს კი ისეთი ტურნირია, სადაც შანსი გაგვაჩნია და მეტი პოზიტივია. ესტონეთი არაა ისეთი დონის გუნდი, ვისთანაც მოგება არ შეგვიძლია. თამაშის ხარისხი კარგი იყო, რადგან მეტოქეს ბურთის ფლობაში ვაჯობდით. ესტონეთის დონის ნაკრებთან ხარვეზებზე ლაპარაკი ძნელია. ჩემი აზრით, უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შევეძლო“, – ამბობს ვლადიმერ გუცაევი.

მან ახალგაზრდა მოთამაშეები გამოარჩია: „რაც ყველაზე სასიხარულოა, გამოჩნდა ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშე, რომლის გამოც სტადიონზე გულშემატკივარი მოვა. სტადიონზე ხალხი ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩს ვერ დაესწრება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი ელოდება ჩაკვეტაძის და უკვე კვარაცხელიას თამაშსაც. კიტეიშვილს კორონავირუსი ჰქონდა, მაგრამ ის ამ კატეგორიაშია. რომ არა დიდი ფეხბურთელები, ხალხი „რეალის“ და „ბარსელონას“ თამაშებზეც არ მოვიდოდა. შესაძლოა, მარჯვენა ფლანგი კვარაცხელიასთვის ძალიან ახლობელი არაა, მაგრამ მხოლოდ იოტისოდენა დისკომფორტი ჰქონდა“.

მან ჩაკვეტაძეც ილაპარაკა: „ისეთი ტრავმა მიიღო, რომლის შემდეგაც ბევრი ფეხბურთს შეეშვა. ახლა მას დრო და მუდმივი თამაშები სჭირდება. მას 10 ნომერზე გამოსვლა შეუძლია, რადგან „დინამოში“ ამ პოზიციაზე ბევრჯერ და კარგად უთამაშია. მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე კარგი მარცხენა შემტევის როლშია“.

რისი გამოსწორება დასჭირდება საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან გუცაევმა ამაზეც ილაპარაკა: „სომხეთთან ჩრდილოეთ მაკედონიის თამაში ვნახე და მაგათ ყველაზე სუსტი დაცვა ჰყავთ. ცენტრალური მცველები ცოტა მძიმეები მომეჩვენა. ჩვენ თუ ბურთს დავიჭერთ და წინ ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი, კვარაცხელია და კაჭარავა თუ ქვილითაია სისწრაფეებზე ითამაშებენ, მეტოქეს ძალიან გაუჭირდება“.