საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, სანდრა გადელიას მუსიკალური ნომრის სატელევიზიო პრემიერა გადაცემა „ახალ დღეში“ გაიმართა

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, სანდრა გადელიას სიმღერის „შენ მარტო არ ხარ“ მუსიკალური ნომრის სატელევიზიო პრემიერა საქართველოს პირველი არხის დილის გადაცემაში „ახალი დღე“ გაიმართა.

მუსიკალური ნომრის ვიდეოგადაღებები თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, შავთელის ქუჩაზე მიმდინარეობდა. აკუსტიკურ სტილში გადაღებული ვიდეოს რეჟისორი ზაზა ორაშვილია. სანდრა გადელიას გარდა, ვიდეოში მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლი „სი-მიც“ მონაწილეობს.

სანდრა გადელიას საკონკურსო სიმღერაზე კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ იმუშავა, ტექსტი კი თემო საჯაიას ეკუთვნის.

2020 წლის საბავშვო ევროვიზია პოლონეთის დედაქალაქში 29 ნოემბერს გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო, საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. შოუს ტრანსლირება ვარშავის სტუდიიდან მოხდება, ხოლო მონაწილეები კი საკუთარი ქვეყნის სტუდიაში შეასრულებენ საკონკურსო სიმღერას. საბავშვო ევროფესტივალში 12 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ევროფესტივალის სლოგანია Move the world! („აამოძრავე მსოფლიო!“). საქართველოს 2020 წლის საბავშვო ევროვიზიაზე პროექტ „რანინას“ გამარჯვებული სანდრა გადელია წარადგენს.