Frankfurter Allgemeine Zeitung-მა ოფენბახში ქართული ანბანისადმი მიძღვნილ გამოფენას ვრცელი პუბლიკაცია მიუძღვნა
გერმანიის უმსხვილესმა გამოცემამ – Frankfurter Allgemeine Zeitung-მა ვრცელი პუბლიკაცია მიუძღვნა ხელოვნების სასახლის მიერ ოფენბახში ორგანიზებულ გამოფენას. ინფორმაციას ხელოვნების სასახლე ავრცელებს.
ქრისტიან რიტმიულერის სტატიაში, სახელწოდებით – „დამწერლობის საგანძური კავკასიიდან“, ნათქვამია, რომ ქართული შრიფტის ხელოვნება მრავალფეროვანია, რაშიც დარწმუნება ახლა უკვე ოფენბახის კლინგშპორის მუზეუმში მოწყობილ გამოფენაზეა შესაძლებელი.
„თითქმის ორი წელია, რაც 33 ასო-ბგერისაგან შედგენილი ქართული დამწერლობა იუნესკო-ს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას მიეკუთვნება. პრესტიჟული ჯილდო აღიარებს შრიფტს, რომლის წარმოშობის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. მეცნიერებს შორის არ არსებობს კონსენსუსი, როგორც მისი წარმოშობის თარიღის, ისე მისი ავტორის შესახებ.
უძველეს ქართულ წარწერად ითვლება ასოები ქართული მონასტრის იატაკზე, რომელიც იუდეის უდაბნოში 1952 წელს იტალიელმა არქეოლოგმა აღმოაჩინა. ერთი წარწერა თარიღდება დაახლოებით 430 წლით ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
დღემდე შემორჩენილი ქართული ლიტერატურის უძველესი ძეგლია წმინდა დედოფალ შუშანიკის წამება, რომელიც დაწერილია იაკობ ცურტაველის მიერ, სავარაუდოდ ჩვენი წელთაღრიცხვის 476-483 წლებში. აქ გამოყენებული იყო ასომთავრული ანბანი, სამი ანბანიდან ყველაზე ძველი ქართული დამწერლობის ისტორიაში. დანარჩენ ორ შრიფტს ეწოდება ნუსხური, რომელიც შუა საუკუნეებში შემუშავდა და მხედრული – ამჟამინდელი ქართული ანბანი“, – აღნიშნულია Frankfurter Allgemeine Zeitung-ის სტატიაში.