ფილიპინებზე ტაიფუნ „რაის“ სულ მცირე 75 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დამანგრეველი ტაიფუნის სიჩქარე 195 კმ/სთ აღწევდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 75 ადამიანი, დაკარგულად ითვლება ათეულობით პირი. ტაიფუნის გამო, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუნძულებზე მცხოვრებ 300 ათასზე მეტ პირს საკუთარი სახლების დატოვება და უსაფრთხო ადგილას გადასვლა მოუწიათ.
ქვეყნის ხელისუფლებამ სამაშველო ოპერაციებისთვის ათასობით სამხედრო მოსამსახურე, სანაპირო დაცვის და სახანძრო სამსახურის თანამშრომლების მობილიზება მოახდინა.
ფილიპინების დინგატის კუნძულების გუბერნატორის თქმით, ტაიფუნის გამო, რეგიონი მიწასთან არის გასწორებული. მისი თქმით, დანგრეულია ასეულობით საცხოვრებელი სახლი, განადგურებულია მეთევზეების ნავები და სასოფლო-სამეურნეო მიწები.
„რაი“ ყველაზე გამანდგურებელი ტაიფუნი აღმოჩნდა, რომელიც ფილიპინებს 2021 წელს დაატყდა თავს. ყოველწლიურად კუნძულოვან სახელმწიფოს საშუალოდ 20-მდე ტაიფუნი ატყდება თავს.