ფილიპინების პრეზიდენტი მოქალაქეებს უფლებას აძლევს, ესროლონ იმ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც ქრთამს მოითხოვენ
ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე მოქალაქეებს უფლებას აძლევს, ესროლონ იმ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც ქრთამს მოითხოვენ. გაზეთ „მანილა ბულეტინ“-ის ინფორმაციით, დუტერტემ მოქალაქეებს კორუფციონერი მოხელეებისთვის ფეხებში სროლა ურჩია, რომ ციხეში არ მოხვდნენ.
„თუ თქვენ იხდით გადასახადებს, საბაჟო ტარიფებს და ასე შემდეგ, ეს სულელები კი, ქრთამს მოითხოვენ, დაარტყით მათ. თუ იარაღი გაქვთ, შეგიძლიათ ესროლოთ, მაგრამ არ მოკლათ, რადგან საქმის წარმოების შედეგად თქვენ შეიძლება შეწყალება ვერ მიიღოთ“, – აღნიშნა ფილიპინების პრეზიდენტმა.
როდრიგო დუტერტეს განცხადებით, კორუფცია ქვეყნის ყოვლისმომცველი პრობლემა გახდა და მოქალაქეებმა საჯარო მოხელეების მხრიდან თითოეულ დარღვევაზე პოლიციას უნდა შეატყობინონ.
ფილიპინების პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ინციდენტი მისი ყურადღების ცენტრში მოექცევა, გამოიძახებს ამ თანამდებობის პირს და მოქალაქეს, რომელიც დანაშაულის შესახებ განაცხადებს, საშუალებას მისცემს მოხელეს სახეში დაარტყას.
როდრიგო დუტერტე მკაცრი პოზიციით გამოირჩევა ნარკომოვაჭრეების მიმართაც და დაკავების დროს წინააღმდეგობის შემთხვევაში, პოლიციისთვის მათი ადგილზე მოკვლის ბრძანება აქვს მიცემული.