ფედერიკა მოგერინი - სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას მიუღებლად მივიჩნევთ
ფედერიკა მოგერინი -  სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას მიუღებლად მივიჩნევთ

ჩვენ ასევე მიუღებლად მივიჩნევთ რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში და გამყოფ ხაზებზე ფიზიკური ბარიერების აგებას, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.

მისი თქმით, საქართველოში 2008 წლის ომიდან ათი წლის შემდეგ, ევროკავშირს მშვიდობისა და კონფლიქტის ნამდვილი გადაჭრისთვის მუშაობა არ შეუჩერებია. როგორც მოგერინიმ აღნიშნა, ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობას. მისი თქმით, ეს პარტნიორობა ღრმაა.

„ომის დროს ევროკავშირის შუამდგომლობამ კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება მოახდინა და საბოლოოდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტით დასრულდა. მას შემდეგ ევროკავშირი კონფლიქტის შედეგების მართვაში ცენტრალური მოთამაშეა, რეგიონში ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებასა და გრძელვადიანი გადაწყვეტილების გამონახვაში.

ევროკავშირს სპეციალური როლი აკისრია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გამო. დღეის მდგომარეობით, ჩვენ ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ვართ ადგილზე. მისიამ კონფლიქტით დაზარალებული ყველა მხარის სასარგებლოდ სიტუაციის სტაბილიზების აუცილებელი ფუნქცია შეასრულა. მისიას ჰყავს 200 სამოქალაქო ექსპერტი. მათი მანდატია არამარტო მონიტორინგი გაუწიონ ნორმალიზაციისა და სტაბილიზაციის პროცესს, არამედ ხელი შეუწყონ ნდობის აღდგენას, დაძაბულობის შემცირებას და თავიდან აიცილონ სიტუაციის ესკალაცია“, – განაცხადა მოგერინიმ.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში და ასევე გამყოფ ხაზებზე ფიზიკური ბარიერების აგებას.

„ჩვენ ასევე ვგმობთ რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც ემსახურება იმის კონსოლიდირებას, რასაც ის „ახალ რეალობას“ უწოდებს. ჩვენ ასევე მიუღებლად მივიჩნევთ რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში და გამყოფ ხაზებზე ფიზიკური ბარიერების აგებას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში თანათავმჯდომარეობს ჟენევის მოლაპარაკებებს და აქცენტს აკეთებს ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ასევე ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრაზე, რაც გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე.

ამ დისკუსიებში პროგრესი შეზღუდულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება არა მხოლოდ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, არამედ ასევე იძულებით გადაადგილებულ და დევნილ პირებთან დაკავშირებულ საკითხებს. მიუხედავად ამისა, დისკუსიების წყალობით უსაფრთხოების ვითარება ადგილზე შედარებით მართვადი გახდა. ეს მიუღებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს, არამედ პირველ რიგში იმიტომ, რომ გავლენას ახდენს ორივე რეგიონში, საქართველოში და სრულიად რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაზე“, – განაცხადა ფედრიკა მოგერინიმ.

მისი თქმით, ევროკავშირის პოლიტიკა არაღიარებისა და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ჩართულობის პოლიტიკაა, რაც ზუსტად შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიდგომას

„ჩვენი მიდგომაა სეპარატისტული რეგიონები საქართველოში ჩვენს პროგრამებში ჩავრთოთ, როდესაც ეს შესაძლებელია. ეს ეხება სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარებისა და პროფესიული გადამზადების ჩვენს პროგრამებს. მხარს ვუჭერთ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც მხარეებს შორის ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს. ყველა ჩვენი ქმედება ამ ორ რეგიონში სრულად კოორდინირებული და დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ და სრულად შეესაბამება საქართველოს ჩართულობის პოლიტიკას.

ჩვენი პოლიტიკა არაღიარებისა და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ჩართულობის პოლიტიკაა, რაც ზუსტად შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიდგომას. ომიდან ათი წლის შემდეგ, ჩვენ არ ვჩერდებით და არ გავჩერდებით ჭეშმარიტი გადაწყვეტილების მისაღწევად.

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ეს კონფლიქტი არ არის მივიწყებული. ეს ჩვენი პრიორიტეტია. თქვენ ახსენეთ და ეს მართალია, არის რისკი და საფრთხე ჩვენ გარშემო არსებული კონფლიქტებისა და შექმნილი კრიზისებიდან გამომდინარე. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობას. ეს პარტნიორობა ღრმაა“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციას, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი, 14 ივნისს უყრიან კენჭს.