მიხეილ სარჯველაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილზე გაკეთებულ ჩანაწერს, თამამად შეგვიძლია, პროვოკაცია დავარქვათ, ფოტიგა ცდება, როცა ასეთ ინიციატივებს ახმოვანებს
მიხეილ სარჯველაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილზე გაკეთებულ ჩანაწერს, თამამად შეგვიძლია, პროვოკაცია დავარქვათ, ფოტიგა ცდება, როცა ასეთ ინიციატივებს ახმოვანებს

ევროპარლამენტის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ ჩანაწერს, თამამად შეგვიძლია, პროვოკაცია დავარქვათ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებაზე, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

„ბოლო რედაქციაში სააკაშვილზე ჩანაწერი როგორ მოხვდა? ფოტიგა რასაც ამბობს, არ შეიძლება, ეს ქართულმა საზოგადოებამ  უდავო ჭეშმარიტებად მიიჩნიოს. ფოტიგა ცდება, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს და ასეთ ინიციატივებს ახმოვანებს, რადგან საქართველოს მოსახლეობის ნებას უპირისპირდება. მისთვის შეიძლება ეს მეშვიდეხარისხოვანია, მაგრამ ვერ შევეგუებით, პატივისცემა არ არსებობდეს იმის მიმართ, რაც ჩვენთვის პირველხარისხოვანია. არ შეიძლება, საუბარი იყოს მხოლოდ ფოტიგაზე. ასეთ ტექსტს ვინც მხარი დაუჭირა, მათ მიმართ მაქვს კითხვა, აქვთ თუ არა გააზრებული, რა რისკის შემცველი შეიძლება იყოს, როცა ასეთი ტექსტები იწერება? რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ქართულ საზოგადოებას? ვინმე აცნობიერებს, რომ სააკაშვილი ასოცირდება ციხეებში პატიმრების წამებასთან? არ მინდა, მატულობდეს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც კითხვას სვამენ: ნუთუ ევროპული ღირებულებები ის არის, რომ ითხოვდნენ იმ ადამიანის გათავისუფლებას, ვისაც დანაშაულები აქვს ჩადენილი, ნუთუ ის არის ევროპული ღირებულება, როცა მხარდაჭერა უცხადდება ადამიანს, რომელსაც, ყველამ ვიცით, რაც აქვს ჩადენილი? ამას საქართველოსთვის სერიოზული ხიფათის მოტანა შეუძლია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.