კახა კალაძე - არაერთი რეზოლუცია გვინახავს, სადაც მძიმე რამეები ეწერა, მოგვიანებით გამოიკვეთა, როგორ ხდებოდა მათი მიღება, სამწუხაროა, როდესაც ასეთი გადაწყვეტილებები დემოკრატიით ინიღბება 
კახა კალაძე - არაერთი რეზოლუცია გვინახავს, სადაც მძიმე რამეები ეწერა, მოგვიანებით გამოიკვეთა, როგორ ხდებოდა მათი მიღება, სამწუხაროა, როდესაც ასეთი გადაწყვეტილებები დემოკრატიით ინიღბება 

არაერთი რეზოლუცია გვინახავს, სადაც ძალიან მძიმე რამეები ეწერა, მოგვიანებით კი გამოიკვეთა, თუ როგორ ხდებოდა მათი მიღება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეტანილ შესწორებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.

კალაძეს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებაზე, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

კალაძის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები აზიანებს არსებულ ურთიერთობებს, მით უმეტეს, რომ არსებობს გამოცდილება, თუ როგორ ინიღბება ისინი დემოკრატიისა და ლობიზმის სახელით.

„ასეთი რეზოლუციები დამაზიანებელია არსებული ურთიერთობებისთვის. უბრალოდ, შეურაცხმყოფელია ასეთი განცხადებები. ჩვენ არაერთი რეზოლუცია გვინახავს, სადაც ძალიან მძიმე რამეები ეწერა, მოგვიანებით კი გამოიკვეთა, თუ როგორ ხდებოდა მათი მიღება – ვიღაც თანხას იხდის, შემდეგ ეს ინიღბება ლობიზმით და ხდება ასეთი რეზოლუციების მიღება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე მსჯელობისას ეყრდნობა აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს (FARA).

„ალბათ მოგვიანებით გავიგებთ, FARA-ს დოკუმენტაციაში იქნება წარმოდგენილი, თუ რა როგორ ხდება. შეიძლება გავიგოთ, შეიძლება ვერც გავიგოთ, რადგან იცით, რამხელა რეზონანსი მოჰყვა ამ ყველაფრის გამოაშკარავებას. გვეუბნებოდნენ, რომ ეს თითქოს დემოკრატიული პროცესები იყო, რეალურად კი იყო სხვა რამ – ფულის მიცემა, რომელიც ინიღბებოდა ლობიზმით. მე არავითარი ეჭვი არ მაქვს. იმ ფაქტზე ვსაუბრობ, რაც ყველამ ვნახეთ – FARA-ს დოკუმენტი მაქვს მხედველობაში, სადაც პირდაპირ იყო მითითებული სახელები, გვარები, ვინ იხდიდა თანხას, რეზოლუციის მიღებაზე იყო საუბარი. ეს გამოაშკარავდა და ცხადია. ძალიან სამწუხაროა, როდესაც დემოკრატიით ინიღბება ასეთი განცხადებები და გადაწყვეტილებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.