FDA-ს დასკვნით, Moderna-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია — #1tvმეცნიერება
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) განცხადებით, Moderna-ს ვაქცინა უსაფრთხოა და 94 პროცენტით ეფექტიანი.
სააგენტოს მიერ ანალიზების საფუძველზე მიღებული ასეთი დასკვნა ნიშნავს იმას, რომ ის აშშ-ში კორონავირუსის მეორე ავტორიზებული ვაქცინა გახდება.
გუშინ აშშ-ში ვაქცინაციის პირველი ეტაპი Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით დაიწყო. ამ დროისათვის, ქვეყანაში კორონავირუსით 300 000 ადამიანზე მეტია გარდაცვლილი.
ორი დღის შემდეგ, FDA-ს ვაქცინების კომიტეტი შეიკრიბება და Moderna-ს ვაქცინის საგანგებო გამოყენებისთვის დამტკიცებაზე იმსჯელებს.
FDA-ს მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებულ 54-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ არ არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სპეციფიკური საშიშროება და სერიოზული გვერდითი რეაქციებიც იშვიათია.
იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინას კვირის ბოლოს ექსპერტთა ჯგუფი და FDA-ს ვაქცინების ხელმძღვანელი დაამტკიცებს, მიწოდება შეიძლება უკვე 24 საათში დაიწყოს.
FDA-ს დასკვნით, 30 000 ადამიანზე ჩატარებული კლინიკური ცდის მიხედვით, ვაქცინა 94,1 პროცენტით ეფექტიანია.
ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენებს შორის არის სიცხე, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი.
წინა კვირაში FDA-მ მსგავსი მონაცემები Pfizer-ის შემთხვევაშიც გამოაქვეყნა, შემდეგ კი მისი ვაქცინა დაამტკიცა.
კომპანია Moderna 2010 წელს დაარსდა და მას ამ დრომდე არ გააჩნია FDA-ს მიერ დამტკიცებული პროდუქტი.
წელს კომპანიის აქციების ფასი 7000 პროცენტით გაიზარდა.
რით განსხვავდება Pfizer-ის ვაქცინისგან
Moderna-ს ვაქცინას ტრანსპორტირებისთვის -20C სჭირდება, Pfizer-ის ვაქცინას კი -75C, რაც ამ უკანასკნელის ლოგისტიკას უფრო ართულებს.
Pfizer-ის ვაქცინის მსგავსად, Moderna-ს ვაქცინაც ორ ინექციას საჭიროებს. ამ შემთხვევაში, მეორე დოზა პირველის მიღებიდან 28 დღის შემდეგ კეთდება.
კომპანია მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯშია ბაზირებული და დამტკიცების შემთხვევაში, ვაქცინის დიდი ნაწილის წარმოება იქვე მოხდება.
Pfizer-ის ვაქცინა რამდენიმე ქვეყანაში იწარმოება, მათ შორის, გერმანიასა და ბელგიაში.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით.