როგორ და რატომ ცვლის ოქსფორდის ვაქცინა გლობალური თამაშის წესებს — #1tvმეცნიერება
როგორ და რატომ ცვლის ოქსფორდის ვაქცინა გლობალური თამაშის წესებს — #1tvმეცნიერება

2020 წელი ერთგვარი ბნელი, გრძელი გვირაბია; როგორც ჩანს, ნოემბერი აღმოჩნდა ის თვე, როდესაც ამ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. ზოგი მას ძალიან კაშკაშად ხედავს, ზოგიც მკრთალად, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ იქ სინათლე უკვე ჩანს.

9 ნოემბერს, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კორპორაცია Pfizer-მა საკუთარი კანდიდატი ვაქცინის ადამიანებზე ცდების დასკვნითი ეტაპის შიდა შედეგები გამოაქვეყნა, რომლებიც აჩვენებდა, რომ ვაქცინა 90 პროცენტით ეფექტიანია სიმპტომური COVID-19-ის პრევენციაში. ამ ამბავმა მთელ მსოფლიოს უდიდესი სიხარული მოჰგვარა.

რამდენიმე დღის შემდეგ, ამერიკულმა კომპანია Moderna-მ განაცხადა, რომ მისმა კანდიდატმა ვაქცინამ 94,5-პროცენტიანი ეფექტი აჩვენა.

უახლესი განცხადება COVID-19-ის ვაქცინის შესახებ კი ოქსფორდის უნივერსიტეტს ეკუთვნის. ვაქცინის კანდიდატმა, რომელიც მან ბრიტანულ-შვედურ ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-სთან ერთად შექმნა, 70,4-პროცენტიანი ზოგადი ეფექტი აჩვენა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი ჯერ შიდა შედეგებია და ციფრები შეიძლება შეიცვალოს. ოქსფორდის ვაქცინა მოხალისეთა ერთ ჯგუფს ორი სტანდარტული დოზის სახით მისცეს, რამაც 62-პროცენტიანი ეფექტი აჩვენა; მეორე ჯგუფს კი ჯერ მცირე დოზა მისცეს, ხოლო მეორედ სტანდარტული დოზა; ამ შემთხვევაში ვაქცინის ეფექტიანობა 90 პროცენტი აღმოჩნდა.

ამ ეტაპზე უცნობია, რატომ მოხდა ასე. პროექტის ერთ-ერთი უფროსი მკვლევარი, პროფესორი ენდრიუ პოლარდი ასეთ შედეგებს „დამაინტრიგებელს“ უწოდებს. მისივე განცხადებით, მცირე დოზა ასევე ნიშნავს იმას, რომ ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინის კიდევ უფრო მეტი დოზა.

იმ ადამიანებს შორის, ვისაც ვაქცინა გაუკეთეს, არ დაფიქსირებულა COVID-19-ის მძიმე შემთხვევა. გარდა ამისა, ვაქცინამ დამცავი იმუნური პასუხი აჩვენა ხანდაზმულ ადამიანებშიც.

ეფექტიანობა ერთადერთი საზომი არ არის

მიუხედავად იმისა, რომ ოქსფორდის ვაქცინას უფრო დაბალი ზოგადი ეფექტიანობა აქვს, ვიდრე Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებს, სულ მცირე შიდა შედეგების ეტაპზე, გასათვალისწინებელია მისი სხვა წარმატებული ფაქტორები. პირველ რიგში ეს გახლავთ უსაფრთხოება; ოქსფორდის ვაქცინას უსაფრთხოების მაღალი პროფილი აღმოაჩნდა და არ დაფიქსირებულა სერიოზული გვერდითი ეფექტები.

კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორია მისი შენახვა. ოქსფორდის ვაქცინის შენახვა შესაძლებელია სახლის მაცივარშიც. მუდმივი ულტრადაბალი ტემპერატურით ტრანსპორტირება ქარხნიდან კლინიკამდე, რაც Pfizer-ის ვაქცინს სჭირდება, შეიძლება, დიდი პრობლემა იყოს მრავალი სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნებისთვის.

ოქსფორდის ვაქცინა ეფუძნება ვირუსულ ვექტორს და არის უფრო იაფი (დაახლოებით 4 დოლარი), ვიდრე Pfizer-ისა და Moderna-ს mRNA ვაქცინები, რომლებიც 20 და 33 აშშ დოლარი ღირს. AstraZeneca-მ მოგებაზე უარის თქმის პირობა დადო.

სამართლიანი განაწილება

ახალი ვაქცინის სამართლიანი განაწილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დაბალ და საშუალოშემოსავლიანი ქვეყნებისთვის, რომელთაც მდიდარი ქვეყნების მსგავსი მსყიდველუნარიანობა არ გააჩნიათ. GAVI — ჯანდაცვის გლობალური პარტნიორობა, რომლის მიზანიც ღარიბი ქვეყნების იმუნიზაციაზე წვდომის გაზრდაა, ამ საკითხზე უკვე წლებია მუშაობს. 2020 წელს მან დააფუძნა ინიციატივა COVAX-ი, რომელსაც კლინიკური ცდების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, წვდომა ექნება COVID-19-ის ვაქცინის 700 მილიონ დოზაზე.

ოქსფორდის უნივერსიტეტმა და AstraZeneca-მ პირობა დადეს, რომ ვაქცინის მილიარდ დოზას დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებს გადასცემენ, საიდანაც 400 მილიონი დოზის მიწოდება 2020 წლის ბოლომდე მოხდება. AstraZeneca-მ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, რომ უფრო მეტი დოზა ევროპისა და აშშ-ის მიღმა მდებარე ქვეყნებს მიაწოდოს.

ბრწყინვალე დასაწყისი

რა თქმა უნდა, ეს ვალდებულება დაუყოვნებლივი გლობალური დაფარვისთვის საკმარისი არ იქნება, თუმცა, ნამდვილად ბრწყინვალე დასაწყისია. მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ცხრა პროცენტი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს; მათ ირგვლივ მოშლილია ჯანდაცვის სისტემებიც.

ვაქცინის სამართლიანი გადანაწილების პირობით ჩნდება იმედი, რომ დავიწყებული არ იქნება მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობა.

რას ნიშნავს ვაქცინების შესახებ ამ დღეებში გაკეთებული განცხადებები? ნამდვილად უზარმაზარ რამეს. თუმცა გახსოვდეთ, ცდები ბოლომდე დასრულებული არ არის და ამ სტატიის წაკითხვის დროსაც კი, მარეგულირებლებმა შეიძლება, ნებისმიერი ახალი ვაქცინის კანდიდატი დაამტკიცონ.

მაშინაც კი, როდესაც ეს დაბრკოლებები გაქრება, მსოფლიოს ვაქცინირება მაინც საჭირო იქნება, რაც მოითხოვს მრავალი დაბრკოლების წარმატებით გადალახვას, მათ შორის მანძილის, რელიეფის, პოლიტიკის, ცივი ჯაჭვის ლოგისტიკის და ადამიანთა ქცევის.

გლობალური პანდემია ჯერ არ დასრულებულა და ალბათ ჯერ არც დასრულდება, მაგრამ გვირაბის ბოლოს სინათლე სულ უფრო კაშკაშა ხდება.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.