ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ 90 პროცენტამდე ეფექტიანია — ყველაფერი, რაც ვიცით #1tvმეცნიერება
ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ 90 პროცენტამდე ეფექტიანია — ყველაფერი, რაც ვიცით #1tvმეცნიერება

ოქსფორდის უნივერსიტეტი და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca კორონავირუსის წინააღმდეგ მათ მიერ ერთობლივად შექმნილი კანდიდატი ვაქცინის — ChAdOx1 nCoV-2019-ის დასკვნითი, მე-3 ფაზის შიდა მონაცემებს აქვეყნებენ. როგორც ეს მონაცემები აჩვენებს, ვაქცინა ეფექტიანად ახდენს COVID-19 (SARS-CoV-2)-ის პრევენციას და უზრუნველყოფს მისგან მაღალი დონის დაცვას.

  • მე-3 ფაზის შიდა ანალიზები მოიცავს COVID-19-ის 131 შემთხვევას; დოზირების ორი სქემის კომბინირებული მონაცემები მიუთითებს, რომ ვაქცინა 70,4 პროცენტით ეფექტიანია.
  • დოზირების ორი სხვადასხვა სქემიდან, ვაქცინის ეფექტიანობა ერთ შემთხვევაში 90 პროცენტი იყო, მეორე შემთხვევაში კი 62 პროცენტი.
  • მაღალეფექტიან სქემა იყენებს ვაქცინის ნახევარს პირველ დოზაში და სტანდარტულ მეორე დოზას.
  • ადრეული შედეგები მიუთითებს, რომ ვაქცინა უსიმპტომო შემთხვევებში ამცირებს ვირუსის გადადებას.
  • იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ვაქცინა გაუკეთეს, არ დაფიქსირებულა მძიმე შემთხვევა ან ჰოსპიტალიზების საჭიროება.
  • უსაფრთხოების მონაცემთა ბაზაში თავმოყრილია კლინიკური ცდების მონაცემები, რომლებიც აპრილის შემდეგ 24 000 მოხალისეზე ჩატარდა გაერთიანებულ სამეფოში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.
  • გადამწყვეტი ფაქტორია ისიც, რომ ვაქცინის განაწილება შეიძლება უკვე არსებულ სამედიცინო სისტემებში, ინახება მაცივრის ტემპერატურზე (2-8 °C).
  • ვაქცინის ფართომასშტაბიანი წარმოება უკვე მიმდინარეობს მსოფლიოს ათზე მეტ ქვეყანაში.

ოქსფორდის ვაქცინების ჯგუფის დირექტორი და ვაქცინის ცდების უფროსი მკვლევარი, პროფესორი ენდრიუ პოლარდი აღნიშნავს:

„მონაცემები გვიჩვენებს, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ეფექტიანი ვაქცინა, რომელიც მრავალ სიცოცხლეს გადაარჩენს. ამაღელვებელია ისიც, რომ როგორც ირკვევა, ჩვენი დოზირების ერთ-ერთი სქემა 90 პროცენტით ეფექტიანია და ამ სქემის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება უფრო მეტი ადამიანის ვაქცინირება“.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინოლოგიის პროფესორი სარა გილბერტი კი აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები კიდევ ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმ დროსთან, როდესაც ვაქცინაციით დავასრულებთ იმ კატასტროფას, რაც კორონავირუსმა SARS-CoV-2-მა გამოიწვია მსოფლიოში. მისივე თქმით, ისინი დეტალურ ინფორმაციას აწვდიან მარეგულირებელ ორგანოებს.

მას შემდეგ, რაც კლინიკურმა ცდებმა შიდა ანალიზებისთვის საჭირო სამიზნეს მიაღწია, მონაცემებისა და უსაფრთხოების მონიტორინგის დამოუკიდებელმა საბჭომ (DSMB) გასცა რეკომენდაცია, რომ ოქსფორდის ჯგუფს 2020 წლის 4 ნოემბრისთვის არსებულ მონაცემთა ანალიზები დაეწყო.

ეს პირველადი შედეგები კი მიუთითებს, რომ ვაქცინა 70,4 პროცენტით ეფექტიანია; დოზირების ორი სხვადასხვა სქემა კი აჩვენებს, რომ ვაქცინა 90 პროცენტით ეფექტიანია იმ შემთხვევაში, თუ პირველად ნახევარი დოზის გაკეთება მოხდება, ამის შემდეგ კი სრული დოზის. იმ შემთხვევაში კი, თუ მოხდება ორი სრული დოზის სქემით აცრა, ვაქცინა 62 პროცენტით არის ეფექტიანი.

ვაქცინის მოქმედების ხანგრძლივობას შემდგომი ანალიზები განსაზღვრავს. ოქსფორდის უნივერსიტეტის ცნობით, არ დაფიქსირებულა ვაქცინის სერიოზული გვერდითი მოვლენები.

ოქსფორდის უნივერსიტეტი ამჟამად AstraZeneca-ს ეხმარება, რათა ამ უკანასკნელმა მე-3 ფაზისა და ზოგადად, მთლიანი ცდების უსაფრთხოების მონაცემები მარეგულირებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიაწოდოს, რაც ვაქცინის ავტორიზაციისათვის არის საჭირო.

პარალელურად, ოქსფორდი მე-3 ფაზის სრულ შიდა შედეგებს პუბლიკაციის სახით აქვეყნებს, რათა სამეცნიერო საზოგადოება მისი შეფასება შეძლოს.

მონაცემები მიუთითებს, რომ ნახევარ და სრულდოზიანი სქემები ვირუსის გადაცემის პრევენციას ახდენს, რაც ვაქცინირებულ ადამიანებში უსიმპტომო ინფექციის დაბალ მაჩვენებლებში გამოიხატა.

მე-3 ფაზის შიდა შედეგები ასევე მიუთითებს, რომ ვაქცინა იწვევს ძლიერ ანტისხეულურ და T ლიმფოციტურ იმუნურ პასუხს ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის, ხანდაზმულებში და ამავე დროს, ვაქცინას აქვს უსაფრთხოების კარგი პროფილი.

კლინიკური ცდები 24 000 მოხალისეზე ჩატარდა სხვადასხვა რასობრივ და გეოგრაფიულ ჯგუფებზე გაერთიანებულ სამეფოში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში; ფინალური ანალიზები ამჟამადაც გრძელდება. 60 000 მოხალისეზე ცდები ახლა მიმდინარეობს აშშ-ში, კენიაში, იაპონიასა და ინდოეთში. ეს ცდები მარეგულირებლებს დამატებით ინფორმაციას მიაწვდის ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ, მათ შორის, საბოლოოდ დადგინდება, მისი უნარი COVID-19-ისგან როგორც თავდაცვის, ისე გადადების შეჩერების თვალსაზრისით.

ოქსფორდის ვაქცინა (ChAdOx1 nCoV-19) დამზადებულია ვირუსისგან, რომელიც წარმოადგენს ჩვეულებრივი გაციების (ადენოვირუსი) შესუსტებულ ვერსიას; გენური ინჟინერიის გამოყენებით ის ისეა შეცვლილი, რომ შეუძლებელია, ადამიანებში გამრავლება შეძლოს.

ადენოვირუსული ვაქცინების კვლევა და ფართო გამოყენება უკვე ათწლეულებია მიმდინარეობს და აქვს მნიშვნელოვანი ბენეფიტები — არის სტაბილური, ადვილია საწარმოებლად, გადასატანად და ინახება ჩვეულებრივ, სახლის მაცივრის ტემპერატურაზე (2-8 გრადუსი ცელსიუსი). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადვილი იქნება მისი დისტრუბიცია უკვე არსებულ სამედიცინო სისტემებში, მაგალითად, ექიმის კაბინეტში ან აფთიაქებში, რაც დამტკიცების შემთხვევაში, ვაქცინის ძალიან სწრაფად გავრცელება-გამოყენების გარანტი იქნება.

ვაქცინის წარმატებით შექმნაში გადამწყვეტი აღმოჩნდა ოქსფორდის უნივერსიტეტის თანამშრომლობა კომპანია AstraZeneca-სთან; ეს კოლაბორაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვაქცინის გლობალური წარმოება-დისტრიბუციისთვის. AstraZeneca-ს უკვე გაფორმებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებები ვაქცინის სამი მილიარდი დოზის მიწოდების შესახებ.

„უმნიშვნელოვანესი დღეა პანდემიასთან მთელ ჩვენს ბრძოლაში. ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ადასტურებს, რომ ის ძლიერ ეფექტიანი იქნება COVID-19-ის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივი გავლენა ექნება საზოგადოებრივ ჯანდაცვაში შექმნილ ამ საგანგებო მდგომარეობაზე. გარდა ამისა, ვაქცინის მიწოდების მარტივი ჯაჭვი და ჩვენი არაკომერციული მიზნები ნიშნავს იმას, რომ მთელ მსოფლიოში ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინის ასობით მილიონი დოზა“, — ამბობს ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული-ბიოტექნოლოგიური კომპანია AstraZeneca-ს აღმასრულებელი დირექტორი პასკალ სორიო.

მომზადებულია ox.ac.uk-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი