კომპანია „მოდერნაში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას იწყებენ
კომპანია „მოდერნაში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას იწყებენ

კომპანია „მოდერნაში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას იწყებენ. როგორც ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანიაში ამბობენ, ახალი შტამის შესწავლა და მის წინააღმდეგ შესაბამისი ვაქცინის შემუშავება კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებებში შევა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, სტეფანე ბანსელის თქმით, „ომიკრონის“ შტამის მუტაციები შემაშფოთებელია და კომპანია შეძლებისდაგვარად სწრაფად დაიწყებს შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებას ახალი საფრთხის ასარიდებლად. მისი თქმით, განიხილება როგორც ახალი, ე.წ. ბუსტერ დოზის შემუშავება, ისე არსებული ვაქცინის უფრო ძლიერი დოზის გამოცდა.

ვირუსის ახალი ვარიანტის შესწავლა დაიწყეს გერმანულ კომპანია „ბიონტექშიც“. კომპანიაში აცხადებენ, რომ ვირუსის შესწავლას და მის წინააღმდეგ არსებული ამჟამინდელი ვაქცინის რეაგირების შესწავლას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

სამხრეთ აფრიკის რეგიონში აღმოჩენილმა ვირუსის ახალმა შტამმა გლობალური შეშფოთება გამოიწვია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ ვირუსს შემაშფოთებელი უწოდა და მას ბერძნული ანბანის მე-15 ასოს, „ომიკრონის“ სახელი მიანიჭა. ორგანიზაციის ცნობით, ვირუსის ახალი ვარიანტით რეინფიცირების საფრთხე ძველ ვარიანტებთან შედარებით ბევრად უფრო მაღალია.

ახალი ვარიანტის გავრცელების საშიშროების გამო, ევროკავშირმა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა სამხრეთ აფრიკულ ქვეყნებთან ფრენების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.