ეს სწორედ ის არის, რასაც აივ-ინფიცირებული მრავალი ადამიანი დიდხანს ელოდა — თვეში ერთი ინექცია ვირუსის საკონტროლებლად, ნაცვლად ყოველდღიურად სამი სხვადასხვა წამლის მიღებისა.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA), აივ ინფექციის სამკურნალო ორი ყოველთვიური ინექციის კომბინაცია დაამტკიცა სტაბილური მდგომარეობის პაციენტებისთვის დაამტკიცა. პრეპარატს Cabenuva ჰქვია.
ერთ-ერთმა ინექციამ აივ ინფექციის პრევენციის თვალსაზრისითაც აჩვენა ეფექტი, როგორც ეს პროფილაქტიკის მიზნით მისაღები ყოველდღიური აბების, იგივე PrEP-ის შემთხვევაშია. თუმცა, FDA-ს მიერ Cabenuva მხოლოდ სამკურნალო სახით დამტკიცდა.
სხვადასხვა მიზეზთა გამო, მრავალ ადამიანს აბების ყოველდღიურად მიღება უჭირს. ამას კი შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს აივ-დადებით ადამიანებზე, რადგან აბების მიღებაში ჩავარდნა ვირუსს საშუალებას აძლევს, რომ პრეპარატისადმი რეზისტენტული გახდეს.
ქალაქ ჰიუსტონის ბეილორის სამედიცინო კოლეჯის ინფექციურ დაავადებათა მიმართულების ხელმძღვანელის, დოქტორ ტომ ჯორდანოს განცხადებით, აბების ყოველდღე მიღებას თან ახლავს სტიგმაც, როგორც საზოგადოებრივი, ისე ფსიქოლოგიური.
Cabenuva-ს ცდაში მონაწილე 10 ადამიანიდან ცხრა აღნიშნავს, რომ ყოველდღე აბების სმას თვეში ერთი ნემსის გაკეთება ურჩევნიათ.
„იკეთებ ნემსს და ამის შესახებ მომდევნო თვემდე გავიწყდება. დიდებული ამბავია და ძლიერ დაეხმარება იმ ადამიანებს, რომელთაც ყოველდღე აბების სმით გამოწვეული სტიგმის შეხსენება აღარ სურთ“, — ამბობს დოქტორი ჯორდანო.
Cabenuva ორი პრეპარატის კომბინაციაა — cabotegravir-სა და rilpivirine-ის. ერთი დანიშნულებისას თითოეული ცალ-ცალკე შეჰყავთ. კლინიკურ ცდებში, პრეპარატმა აივ ინფექცია ორი წლის განმავლობაში ისე დათრგუნა, რომ ვირუსის დაფიქსირებაც ვერ ხერხდებოდა.
ბოლოდროინდელმა ცდებმა აჩვენა, რომ პრეპარატი ასეთივე ეფექტიანია ყოველ ორ თვეში ერთხელ გაკეთებისასაც, მაგრამ FDA-მ ის თვეში ერთხელ მოხმარებისთვის დაამტკიცა. კომბინაციაში შემავალი ერთ-ერთი პრეპარატის მწარმოებლის, ViiV Healthcare-ის პრესსპიკერი ამბობს, რომ კომპანია გეგმავს, მარეგულირებელს ორ თვეში ერთხელ მოხმარების ნებართვის მისაღებადაც მიმართოს.
ექსპერტთა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინექციის დამტკიცება საკმაოდ კარგი ამბავია, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად პრაქტიკული იქნება ყოველთვიური ინექციები კლინიკურ ცდებს მიღმა.
ცდებში პრეპარატი შეამოწმეს ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიურად იღებდნენ აბებს და აივ ინფექციის დონე მათში დაფიქსირების შესაძლებლობის ქვემოთ იყო, ასეთი კი აივ-დადებითთა მხოლოდ ერთი ნაწილია.
„პრობლემა იმაშია, რომ პრეპარატი დამტკიცდა იმ კვლევათა საფუძველზე, რომლებშიც მონაწილე ადამიანების მდგომარეობა ისედაც კარგი იყო. არ გვაქვს მონაცემები იმის შესახებ, რამდენად დაეხმარება იმ ადამიანებს, რომელთა მდგომარეობაც სტაბილური არ არის“, — ამბობს დოქტორი ჯორდანო.
ამჟამად მიმდინარეობს კლინიკური ცდები ადამიანებზე, რომლებსაც პრეპარატების რეგულარულად მიღება არ შეუძლიათ.
აივ ინფიცირებულმა ადამიანებმა მკურნალობა შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა მიზეზის გამო შეაჩერონ. შეიძლება დაკარგონ ნდობა, ამოვარდნენ სამედიცინო დახმარების პროგრამიდან, აღმოაჩნდეთ პრობლემა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტისადმი, შეექმნათ მენტალური პრობლემა ან საპატიმროში მოხვდნენ.
არც ისე მაღალია იმის შანსი, რომ ადამიანებში, რომლებიც აივ-ის აბების მიღებას წყვეტენ, ვირუსი წამლებისადმი რეზისტენტული გახდეს. საინექციო საშუალებები ანტივირუსულ პრეპარატთა „გრძელ კუდს“ ტოვებენ, რომელიც ორგანიზმში დაბალი მაჩვენებლით იმ შემთხვევაშიც რჩება, თუ რომელიმე დოზას გამოტოვებთ. ამან კი შეიძლება ვირუსს შესაფერისი გარემო შეუქმნას იმისათვის, რომ ის ადაპტირდეს და რეზისტენტული გახდეს.
„პრეპარატის დაბალი მაჩვენებელი სხეულში დიდხანს რჩება. სწორედ ეს გახლავთ გრძელკუდიანი პრეპარატის ბენეფიტიც და აქილევსის ქუსლიც“, — აღნიშნავს ჯორდანო.
ორწლიან კვლევაში, კომბინაციისადმი რეზისტენტული 10 ადამიანი გახდა. თუმცა, ზოგიერთი მათგანის შემთხვევაში, ამის მიზეზი შეიძლება ის იყო, რომ ისინი მანამდეც იღებდნენ სხვა, მსგავს პრეპარატებს.
Cabenuva-ს შეიძლება გვერდითი ეფექტებიც ჰქონდეს, რომლებიც პრეპარატის ფართო მოხმარებაში დანერგვის შემდეგ გამოჩნდება. თუმცა, მედიკამენტი უკვე დაამტკიცა ევროკავშირმა და კანადამ და უსაფრთხოების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი ჩანს.
გარდა ამისა, ახალი კომბინაციის ინექცია მარტივი არ არის. მისთვის საჭირო ნემსი უფრო განიერი და გრძელია, ვიდრე გრიპის აცრის; რამდენჯერმე დიდია თავად პრეპარატის მოცულობაც.
„ქალ პაციენტებს ინექცია ძალიან მოეწონათ, რადგან ყოველდღე აბების მიღება მათ დროსა და ყურადღებას მოითხოვს, გასათვალისწინებელია სტიგმის შესაძლებლობაც“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ნებრასკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმი, დოქტორი სიუზენ სუინდელსი.
კიდევ ერთი უპირატესობაა კონფიდენციალურობის მაღალი დონე მათთვის, ვისაც საკუთარი აივ სტატუსის გამჟღავნება არ სურს. კლინიკური ცდების ერთ-ერთი მონაწილე, 41 წლის სტივენ ჰარისი, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის იურისტად მუშაობს, ამბობს, რომ ხშირად უწევდა ისეთ ქვეყნებში მოგზაურობა, რომლებსაც შეზღუდვა აქვთ მათ ტერიტორიაზე აივ ინფიცირებულთა შესვლაზე.
„ყოველთვის მეშინოდა, რომ სასაზღვრო გამშვებ ტერმინალთან გამაჩერებდნენ“, — იხსენებს ჰარისი.
ინექციების დაწყების შემდეგ, სტივენ ჰარისმა ოჯახს საკუთარი აივ სტატუსი გაუმხილა.
„ხანგრძლივმოქმედი კომბინაცია ნამდვილად ძალიან მაგარია. გამათავისუფლა როგორც ფიზიკურად — აბების ბოთლისგან, ისე ფსიქოლოგიურად; რაღაც ისეთია, რასაც ნამდვილად არ ველოდი“, — ამბობს ჰარისი.
მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.