Facebook-ი პრიორიტეტს ადგილობრივ ახალ ამბებს მიანიჭებს - განახლება სოციალური ქსელის პოლიტიკაში
Facebook-ი პრიორიტეტს ადგილობრივ ახალ ამბებს მიანიჭებს - განახლება სოციალური ქსელის პოლიტიკაში

Facebook-ზე მორიგი დიდი განახლებაა. როგორც სოციალური ქსელის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი წერს, განახლების მთავარი მიზანი იმის წარმოჩენაა, რომ Facebook-ი არა მხოლოდ გასართობი ადგილი, არამედ ის სივრცეა, რომელსაც თითოეული მომხმარებლისა და ზოგადად, საზოგადოებისთვის სარგებელი მოაქვს.

„ვახორციელებთ განახლებათა მთელ სერიას, რათა წარმოვაჩინოთ უფრო მაღალი ხარისხის, სანდო ახალი ამბები. გასულ კვირას გავაკეთეთ განახლება, რათა წარმოგვეჩინა უფრო მეტი ახალი ამბავი იმ წყაროებისგან, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება ფართოდ ენდობა. დღევანდელი განახლება ემსახურება ადგილობრივი წყაროების ახალი ამბების პოპულარიზაციას“, — წერს ცუკერბერგი.

Facebook-ის დამფუძნებლის განცხადებით, ამის მიზეზი თავად მომხმარებლებისგან წამოსული მოთხოვნაა.

„ხალხი გამუდმებით გვეუბნება, რომ სურთ Facebook-ზე იხილონ უფრო მეტი ადგილობრივი ახალი ამბავი. სწორედ ადგილობრივი ახალი ამბები გვეხმარება ყველა ჩვენგანს გავერკვეთ იმ საკითხებში, რომლებიც ჩვენს საზოგადოებებში ხდება და რომლებიც, გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. როგორც კვლევა გვიჩვენებს, ადგილობრივი ახალი ამბების კითხვა პირდაპირ კავშირშია სამოქალაქო ჩართულობასთან. ადამიანები, რომლებმაც იციან, თუ რა ხდება მათ გარშემო, უფრო მეტად არიან პროცესებში ჩართული და წვლილი შეაქვთ გარდაქმნებში“, — აღნიშნავს ცუკერბერგი.

ცუკერბერგს მიაჩნია, რომ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი საზოგადოების პროგრესს ემსახურება.

„გასულ წელს, მოგზაურობისას, მრავალი ადამიანი მეუბნებოდა, რომ თუკი ჩავაცხრობთ ტემპერატურას ყველაზე მეტად საპაექრო საკითხების ირგვლივ და ამის სანაცვლოდ ფოკუსირებას მოვახდენთ უფრო კონკრეტულ ადგილობრივ საკითხებზე, ერთობლივად მივაღწევთ უფრო მეტ პროგრესს“.

როგორც ცუკერბერგი აღნიშნავს, განახლებები დღეიდან დაიწყება.

„დღეის შემდეგ, თქვენ უფრო მეტ ამბავს იხილავთ თქვენი ქალაქის ახალი ამბების წყაროებისგან. თუკი მიჰყვებით რომელიმე ადგილობრივ გამოცემას ან ვინმეს, ვინც აზიარებს ადგილობრივ ახალ ამბებს, ნიუს-ფიდში მათ უფრო ხშირად იხილავთ. დავიწყებთ აშშ-დან, წლის ბოლომდე კი მოვიცავთ მრავალ სხვა ქვეყანასაც“, — წერს მარკ ცუკერბერგი.

„ადგილობრივი ახალი ამბები ხელს უწყობს საზოგადოების მშენებლობას. ძალიან მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ის დრო, რომელსაც ჩვენ ყველანი Facebook-ზე ვხარჯავთ, ღირებულია“.