ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორი - ის, რაც საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააკეთა, როდესაც საგანგებო ვითარებაში მეორე არხი საგანმანათლებლო არხად აქცია, მართლაც ინოვაციური ნაბიჯია, ჩემი აპლოდისმენტები მას

ის, რაც საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააკეთა, როდესაც საგანგებო ვითარებაში მეორე არხი საგანმანათლებლო არხად აქცია, მართლაც ინოვაციური ნაბიჯია, ჩემი აპლოდისმენტები მას, – განაცხადა ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენერალურმა დირექტორმა, ნოელ კურანმა.

მისი თქმით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული წევრია.

„ისინი აგრძელებენ მუშაობას ევროპისთვის განსაკუთრებულ, ძალიან მძიმე დროს, რომლის მსგავსიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.

ვფიქრობ, მთელ ამ პერიოდში კარგად დავინახეთ საზოგადოებრივი მედიის უდიდესი და მნიშვნელოვანი როლი მთელ ევროპაში, ვნახეთ, როგორ გაიზარდა საზოგადოებრივი მედიის აუდიტორია.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის ზოგიერთი წევრის აუდიტორია სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერაც კი გაიზარდა, ასევე, გაიზარდა მათი ვებგვერდების მომხმარებელთა რაოდენობა. ეს კი იმის ნიშანია, რომ ასეთ რთულ დროს აუდიტორია საზოგადოებრივი მედიისკენ ბრუნდება. მიზეზი კი ის არის, რომ სანდო, დამოუკიდებელი საინფორმაციო გამოშვებები გვაქვს და მხოლოდ შემოსავლისთვის არ ვმუშაობთ.

ჩვენ არ ვართ კომერციული მაუწყებლები, ჩვენ სხვა ვალდებულებები გვაქვს საზოგადოების წინაშე. ვფიქრობ, ეს პროგრამირებაშიც ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ამბები უმნიშვნელოვანესია და ევროპის მაუწყებელთა კავშირი ჩვენს წევრებს მთელი მსოფლიოდან ვაწვდით ახალ ამბებს, ასეთივე მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროგრამებიც.

ის, რაც საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააკეთა მეორე არხთან დაკავშირებით, როდესაც ის ამ საგანგებო ვითარებაში საგანმანათლებლო არხად აქცია, მართლაც ინოვაციური ნაბიჯია. ჩემი აპლოდისმენტები და შექება მას“, – განაცხადა ნოელ კურანმა.

მისივე განცხადებით, იგივე ხდება ევროპაშიც და საზოგადოებრივმა მედიამ მთელ ევროპაში უპასუხა არსებულ გამოწვევას.

„ეს ვნახეთ ევროპაშიც. ვნახეთ საგანმანათლებლო პროგრამები, ფაქტებზე დაფუძნებული დოკუმენტური ფილმები, რეპორტიორები, რომლებიც წინა ხაზზე მუშაობენ.

ვხედავთ გასართობ გადაცემებს. დღეში 24 საათს კრიზისს ვერ დავუთმობთ. ხალხს სხვა რამეც სჭირდება. მათ სიცილი, მუსიკა, კულტურა სჭირდებათ. ჩემი აზრით, საზოგადოებრივმა მედიამ მთელ ევროპაში უპასუხა ამ გამოწვევას. ვფიქრობ, ამ გამოწვევას საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც უპასუხა და კიდევ ერთხელ ჩემი აპლოდისმენტები მას.

ჩვენ ამას გადავიტანთ. რთული პერიოდია, მაგრამ გავუძლებთ და ვფიქრობ, საზოგადოებრივი მედიის ურთიერთობა აუდიტორიასთან ამ საშინელი კრიზისის შემდეგ კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ყველაზე მეტად მინდა ჯანმრთელობა გისურვოთ. იყავით უსაფრთხოდ, ჯანმრთელად და ყველა ჩვენს მეგობარს, კოლეგას საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მინდა, კარგად ყოფნა გისურვოთ“, – განაცხადა ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურმა დირექტორმა, ნოელ კურანმა.