ევროპარლამენტმა ევროკავშირსა და სომხეთს შორის მჭიდრო კავშირის, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების აუცილებლობის შესახებ რეზოლუციის პროექტი მიიღო
ევროპარლამენტმა ევროკავშირსა და სომხეთს შორის მჭიდრო კავშირის, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების აუცილებლობის შესახებ რეზოლუციის პროექტი მიიღო

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუციის პროექტი ევროკავშირსა და სომხეთს შორის მჭიდრო კავშირის და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების აუცილებლობის შესახებ.

რეზოლუციის პროექტს, რომლის ავტორია „ევროპის სახალხო პარტია“, მხარი 504-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო ოთხი წინააღმდეგი იყო.

დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტის წევრები გამოდიან წინადადებით, განიხილონ სომხეთისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა.

„სომხეთი თუ დაინტერესებულია კანდიდატის სტატუსის მიღებით და გააგრძელებს გზას სტაბილური რეფორმებისკენ, რაც გაამყარებს დემოკრატიას, ეს შეიძლება გახდეს ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების ტრანსფორმაციის ეტაპის საფუძველი“, – წერია ერთობლივი რეზოლუციის პროექტში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობები ეფუძნება საერთო ღირებულებებს, როგორებიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები.

„სომხეთის რესპუბლიკა მზად არის, უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან, რამდენადაც ამას ევროკავშირი მიიჩნევს შესაძლებლად“, – ვკითხულობთ დოკუმენტში, რომელიც ციტირებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლას ევროპარლამენტში 2023 წლის 17 ოქტომბერს.

რეზოლუციის პროექტში ასევე საუბარია სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაზეც.

„აზერბაიჯანელი სამხედროები აგრძელებენ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის თითქმის 170 კვადრატული კილომეტრის ოკუპაციას“, – წერია რეზოლუციის პროექტში.