ევროკომისიამ პოლონეთს სასამართლო რეფორმის ცვლილებისთვის ერთთვიანი ვადა მისცა
ევროკომისიამ პოლონეთს სასამართლო რეფორმის ცვლილებისთვის ერთთვიანი ვადა მისცა

ევროკომისიამ პოლონეთის ხელისუფლებას სასამართლო რეფორმის ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ერთთვიანი ვადა მისცა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს შესახებ კანონთან დაკავშირებულ შენიშვნებზე პოლონეთის ხელისუფლების პასუხი განიხილეს.

„პოლონეთის ხელისუფლების პასუხი ევროკომისიის იურიდიულ ეჭვებს არ აქარწყლებს“, – აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.

ბრიუსელში აცხადებენ, რომ მათი პოზიცია უზენაესი სასამართლოს შესახებ კანონთან დაკავშირებით უცვლელია. კერძოდ, ევროკომისია მიიჩნევს, რომ კანონი სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს არღვევს.

„ამგვარად, პოლონეთის ხელისუფლებას აქვს ერთი თვე, რომ მიიღოს აუცილებელი ზომები აღნიშნული დასაბუთებული პოზიციის იმპლემენტაციისთვის. თუ პოლონეთის ხელისუფლება შესაბამის ზომებს არ მიმართავს, ევროკომისიამ შესაძლოა, საქმის ევროკავშირის სასამართლოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღოს“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

პოლონეთის ხელისუფლებამ მასშტაბური სასამართლო რეფორმა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მიღებული ერთ-ერთი კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საპენსიო ასაკი 70-დან 65 წლამდე შემცირდა. ამგვარად, უზენაესი სასამართლოს 72 მოსამართლიდან 27 პენსიაზე უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე უნდა გავიდეს. პოლონეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სადავო კანონის აღსრულებასა და გადადგომაზე უარი განაცხადა.
ევროკომისიამ პოლონეთის წინააღმდეგ სასამართლო რეფორმის გამო სასანქციო პროცედურა გასული წლის დეკემბერში დაიწყო.